გენერლისა და საზოგადო მოღვაწის კოტე აფხაზის სასახლე გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მდებარეობს. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე
საუკუნეების უნიკალური ძეგლი, ფაქტობრივად, განადგურებულია.
არადა, მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს
მიენიჭა, რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა კი, დღემდე ვერ
გამოინახა.
უკვე წლებია, შენობას ძარცვავენ, ნახევრადდანგრეული სასახლიდან ქართულ
აგურს და სხვადასხვა სამშენებლო მასალებს იპარავენ.
-„კოტე აფხაზის სასახლის გეგმა ჯერ კიდევ იკითხება, ქვედა სართული
შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. აფხაზთა საგვარეულო წარმოშობით
აფხაზეთიდან იყო, მოგვიანებით წამოსულან და კარდენახში დასახლებულან,
შემდეგ ვენახები გაუშენებიათ და ეს სასახლე აუგიათ. შენობა ერთ დროს
გრაფ შერემეტიევს ეკუთვნოდა, მას აფხაზებისგან შეუძენია და უფრო
გაუფართოებია. აფხაზებმა მოახერხეს და დაიბრუნეს ეს სასახლე, მაგრამ
საბჭოთა ხელისუფლების დროს ქონება ისევ ჩამოერთვათ. აქ გახსნილი იყო
რვაწლიანი სკოლა და 90 -იან წლებამდე ფუნქციონირებდა. სკოლამ რომ
არსებობა შეწყვიტა, ობიექტს დარაჯი აღარ ჰყავდა. აფხაზების
შთამომავალმა ნიკო აფხაზმა მოისურვა მისი აღდგენა და პატრონობა. 2005
წელს მას გურჯაანის სასამართლომ აღნიშნული ქონება საკუთრებაში
დაუკანონა. მოსახლეობა წლების განმავლობაში ძარცვავდა სასახლეს და
იქიდან აგური მიჰქონდა. ამ ადგილას ადრე ორი ეკლესიაც ყოფილა,
ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის სახელობის, რომელიც კომუნისტების დროს
დაუნგრევიათ. სასახლის პირვანდელი სახით აღდგენა რთულიც არის და დიდ
თანხებთანაცაა დაკავშირებული, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ძალიან
ლამაზ ადგიალს მდებარეობს, ადრე აქ შერემეტიევს ლამაზი ბაღიც ჰქონია
მოწყობილი აუზით.“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის,
არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა
თამაზ მარკოზაშვილმა. შერემტიევის ბაღიდან დღესაც არის შემორჩენილი
უნიკალური ბზის ბუჩქები და მრავალწლიანი წიწვოვანი
ნარგავები.
1913 წელს კოტე აფხაზის უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო კახეთის
რკინიგზის მშენებლობა. 1917-1918 წლებში ის თბილისის ქართული
უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე გახლდათ. ივანე
ჯავახიშვილთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად, წვლილი შეიტანა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1917 წლის სექტემბერში აქტიური
მონაწილე იყო ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის
ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში.
იმის გასარკვევად, თუ რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლს-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მივმართეთ:
-„სამწუხაროდ, უახლოესი წლების პერსპექტივაში აღნიშნული სასახლე
სახელმწიფოს პრიორიტეტულ ძეგლებს შორის ვერ მოხვდება. სარეაბილიტაციოდ
განსაზღვრული ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა გაწერილია გაცილებით უფრო
პრიორიტეტულ ძეგლებზე, მათ შორისაა საკულტო, საპორტიფიკაციო და
არქეოლოგიური. სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ სასახლის
სარეაბილიტაციოდ გამონახოს სათანადო ინვესტორი და შეთანხმების
საფუძველზე მოახდინოს მასთან ხელშეკრულების გაფორმება. კოტე აფხაზის
სახლს დღემდე კერძო მესაკუთრე ჰყავს. თანაბარწილად ისიც ვალდებულია
ძეგლის ფიზიკური მდგომარეობის შენარჩუნებაზე იზრუნოს. ამავდროულად,
კანონის მიხედვით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს აქვთ ვალდებულება,
გამონახონ მცირედი ფინანსური საშუალება, რათა ძეგლის გაუარესების
პროცესი მინიმუმ შეაჩერონ მაინც. ქვეყანაში არსებობს უფრო კრიტიკულ
მდგომარეობაში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ის ფინასური
რესურსი, რასაც სახელმწიფო ძეგლების აღსადგენად გამოყოფს, შეზღუდულია.
ბიუჯეტი ყველას ერთად, ცხადია, არ ეყოფა. მიუხედავად იმისა, რომ წელს
უპრეცედენტოდ დიდი საბიუჯეტო რესურსი გაგვაჩნია, კოტე აფხაზის ძეგლის
შემთხვევაში, ჯერჯერობით პრიორიტეტი ვერ განისაზღვრა.“- განაცხადა
speqtri.ge-სთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
საზოგადოეაბასთან ურთერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ.
კოტე აფხაზის სასახლის განადგურების პროცესის შესაჩერებლად თანხა
ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. როგორც
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ეკა
ცისკარაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობა ძეგლის მოვლა-პატრონობაზე
მესაკუთრესთან კოორდინაციის გარეშე ვერ იზრუნებს.
-"იქიდან გამომდინარე, რომ კოტე აფხაზის სასახლე კერძო საკუთრებაშია,
მუნიციპალიტეტი ამ საკითხში თვითნებურად ვერ ჩაერევა. ეს ყველაფერი
ერთობლივი კოორდინაციით უნდა მოხდეს, რასაც დრო სჭირდება. უნდა
შევხვდეთ მფლობელს და განვიხილოთ, რა უშლის ხელს სასახლის აღდგენაში.
მხოლოდ ამის შემდეგ ექნება მუნიციპალიტეტს უფლება, რაღაც ზომები
მიიღოს. თუ მესაკუთრეს სურვილი აქვს, რომ მუნიციპალიტეტს
გადასცეს სასახლე, ამ შემთხვევაში უკვე თვითმმართველობა უფრო მეტად
უფლებამოსილი გახდება და შეეძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რა
სამომავლო განვითარება ექნება ძეგლს."
ადგილობრივები პირად საუბარში ამბობენ, რომ სასახლის მესაკუთრე ნიკო
აფხაზი ტერიტორიის გაყიდვას გეგმავს. ჩვენ შევეცადეთ მისი კომენტარის
ჩაწერას აღნიშნულ თემაზე, თუმცა კოორდინატები არც ადგილობრივ
თვითმმართველობას და არც ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს
აღმოაჩნდა.
speqtri.ge ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს და მეპატრონის პოზიციას
მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები