მარინა პეტრიაშვილი
15 ივნისს 19 საათზე, ყვარელში `ილიას ტბაზე~ წარმატებულ პედაგოგთა და მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ეს პროექტი მთელ კახეთს მოიცავს. მასში 8-ვე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მიიღებენ მონაწილეობას. დაჯილდოების შემდეგ გალა კონცერტი გაიმართება, ხოლო ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილი გურჯაანის სამების ტაძრის მშენებლობის ფონდში გადაირიცხება.
"პროექტი, `ბოლო ზარი,~ შარშან პირველად ჩატარდა და უკვე ტრადიციული სახე მიიღო. ღონისძიება წელს ყვარელში `ილიას ტბაზე~ გაიმართება. პირველ ტურში დაჯილდოვდებიან პედაგოგები, რომელთაც წარმატებით გადალახეს სერტიფიცირებული გამოცდები და ხელფასის სახით ათასლარიანი სტიპენდიები დაენიშნათ, აგრეთვე ყველა რესურსცენტრის ხელმძღვანელი და ის მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა ოქროსა და ვერცხლის მედალზე დაამთავრეს. მათ კახეთის გუბერნატორი და რესურსცენტრების ხელმძღვანელები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვებენ," _ გვითხრა პროდიუსერმა და ღონისძიების ორგანიზატორმა ბექა ხალათაშვილმა და ისიც დასძინა, რომ დაჯილდოება 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება, ხოლო შემდეგ გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც ქართველი ესტრადის ცნობილი სახეები მიიღებენ მონაწილეობას. `გალა კონცერტში 15-მდე ცნობილი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. ბილეთის ფასი იქნება 2 ლარი და 50 თეთრი. შემოსული თანხის ნაწილი, გურჯაანის სამების ტაძრის მშენებლობის ფონდში გადაირიცხება, ხოლო ნაწილი _ მომღერლების ჰონორარებს, აპარატურას და სხვა ხარჯებს მოხმარდება. ეს პროექტი მხოლოდ და მხოლოდ ბილეთების ხარჯით ფინანსდება. ჩვენი მხარდამჭრები არიან: გაზეთები `სპექტრი~, `კახეთის ხმა~, `პრაიმტაიმი~, ჟურნალი `რეიტინგი~ და რადიო `არ დაიდარდო~. კონცერტს გაუძღვება თამუნა გომართელი. მაყურებლების წინაშე წარსდგებიან ისეთი ცნობილი მომღერლები, როგორებიც არიან: ნინი შერმადინი, ქეთი გომართელი, ლაშა ღლონტი, დათო არჩვაძე, ნინო ჩხეიძე, ლელა წურწუმია, ასევე დუეტი ჯორჯია, ჯგუფი `მირაჟი~ და სხვა,~ _ გვითხრა ღონისძიების პროდიუსერმა ბექა ხალათაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები