მარინა პეტრიაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე VII-VIII საუკუნეების ყველაწმინდის ტაძრის რესტავრაცია `კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამის~ ფარგლებში მიმდინარეობს და ნოემბრის თვეში დასრულდება. ძეგლი უკვე აღნიშნულია კახეთის ტურისტულ რუქაზე. ტურიზმის დეპარტამენტი ვაჩნაძიანში მდებარე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილით _ "დიდწურბელის" ტბით დაინტერესდა.
ვაჩნაძიანის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანიდან 5 კილომეტრის დაშორებით ტყეში მდებარეობს. ეს ტაძარი უმნიშვნელოვანეს ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრების ენციკლოპედიაა. VII-VIII საუკუნეებში იქ სამეკლესიანი ბაზილიკა იდგა. VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში კი ყველაწმინდის გუმბათოვანი ეკლესია აუგიათ. 2009 წელს "კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროგრამის" ფარგლებში მომზადდა ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ეკლესიის რესტავრაცია-რეაბილიტაციაა აღნიშნული პროეტის ფარგლებში ორ ეტაპად უნდა განხორციელდეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვისა სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის თქმით, ეს მართლაც მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია, რომელიც სასწრაფო აღდგენას საჭიროებს.
"ეს არის VIII_ IX საუკუნეების გარდამავალი ხანის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი. გასულ წელს მისი რეაბილიტაცია დაიწყო და ნოემბრის ბოლოს უკვე დამთავრდება. ამჟამად სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. დღეისათვის უკვე აღდგენილია დაზიანებული კედლები და მოკლე დროში ტაძარი თავის პირვენდელ სახეს დაიბრუნებს. მისი რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით ხორციელდება. ამისთვის საკმაოდ სოლიდური თანხებია გამოყოფილი," _ გვითხრა თამაზ მარკოზაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამ ძეგლის აღდგენა ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. "გარდა იმისა, რომ უმთავრეს მიზანს ამ ძეგლის რეაბილიტაცია წარმოადგენს, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ დროთა განმავლობაში ეს ტაძარი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად გადაიქცეს. ამ მონასტრის მახლობლად სამების უძველესი ტაძარიც მდებარეობს, რომელიც VI-VII საუკუნით თარიღდება. სამების ეკლესია ყველაწმინდიდან 100 მეტრის დაშორებით მაღალ გორაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 1200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, საიდანაც მთელი კახეთი მოსჩანს," _ გვითხრა თამაზ მარკოზაშვილმა.
მან კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: "ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მახლობლად მდებარეობს ტბა, რომელსაც `დიდწურბელის~ ტბას ეძახიან. ის მიწისქვეშა წყლებით იკვებება და ძალიან ლამაზია. ფართობი დაახლოებით 2 ჰექტარს შეადგენს. ტურისტული კუთხით, ეს ადგილიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ტბით უკვე დაინტერესდნენ ტურიზმის სამინისტროში. უახლოეს პერიოდში იქ დასასვენებელი კოტეჯები გაკეთდება," _ გვითხრა თამაზ მარკოზაშვილმა.
როგორც აღვნიშნეთ, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია გურჯაანის მუნიციპალიტეტში და რაც ყველაზე მთავარია, ის უკვე კახეთის რეგიონის ტურისტულ რუქაზეა აღნიშნული.
მასალის გამოყენების პირობები