მამა პეტრესა და თემო შენგელაიას პოეზიის საღამო კარდენახში [Photo]
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის
სახლ-მუზეუმში, მამა პეტრესა და ახალგაზრდა პოეტ თემო შენგელაიას
პოეზიის საღამო გაიმართა.
-„მათ თავიანთი ლექსები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას და ასევე
სხვადასხვა თემაზე ესაუბრნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი შეხვედრები
ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რათა მაქსიმალური შეხება
ჰქონდეთ შემოქმედებასთან და პოეზიას ეზიარონ.“- აღნიშნა გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალეკო ყვირალაშვილმა.
მამა პეტრეს თქმით, საღამომ მასზე განუმეორებელი შთაბეჭდილება
მოახდინა.
-“ჩვენი ერთობლივი ტურნე დღეს კახეთს მიადგა. სამწუხაროდ, აქ პირველად
ვიმყოფები. ძალიან ბედნიერი და სიხარულით სავსე ვარ, ემოციებით
დატვირთული. აღმატებული გრძნობებითა და განცდებით ვბრუნდები სახლში.
მადლობა მინდა ვუთხრა საღამოს ორგანიზატორებს, სახლ-მუზეუმის
თანამშრომლებსა და მსმენელს. დღევანდელ დღეს ერთობლივი ძალით შედგა
შემოქმედებისა და პოეზიის ზეიმი. ზოგადად, ხელოვნების ნებისმიერ დარგი
არის მონათესავე სულების დაახლოების მიზეზი. ამისთვის კი გზა, ხიდი და
ერთგვარი ბილიკი შეიძლება იყოს პოეზია. ჩვენმა ლექსებმა ამ კუთხით
დიდი სამსახური გაგვიწია და უამრავი ადამიანის გულს
ვესტუმრეთ.“-აღნიშნა მამა პეტრემ.
ღონისძებას საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.
-„დღევანდელი დღე მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის ვინც
ლექსებს წერს და თავისი შემოქმედების საჯაროდ წაკითხვასა და
სააშკარაოზე გამოტანას ერიდება. ეს მათთვის ერთგვარი სტიმულია.
“-გვითხრა კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლე ბექა ბარიხაშვილმა.
ახალგაზრდების თქმით, კარგი იქნება თუ მუნიციპალიტეტის მასშტაბით
მსგავსი ღონისძებები მომავალშიც გაიმართება.
-„ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ საღამოს დავესწარი. კარგი იქნება თუ
მსგავს ღონისძებებს ხშირად ჩაატარებენ, რადგან ახალგაზრდებს უფრო
მეტად დააინტერესებთ პოეზია და ზოგადად ხელოვნება. მინდა აღვნიშნო,
რომ მამა პეტრესა და თემო შეგელაიას პოეზია ძალიან მომეწონა.“- ამბობს
კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჭანყოშვილი.
როგორც მამა პეტრემ აღნიშნა, ტურნე სხვა მუნიციპალიტეტებშიც
გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები