გურჯაანის კულტურის ცენტრში, თეატრალურმა სტუდია „თეატრონმა“ გამართა
სპექტაკლის პრემიერა - „სინანული უკვე გვიანია“. წარმოდგენაში
დებიუტანტი მსახიობებიც მონაწილეობდნენ.
„კულტურის ცენტრში გვაქვს ორი თეატრ-სტუდია. „თეატრონი“ და „პატარა
მსახიობები“. სპექტაკლი „სინანული უკვე გვიანია“, თეატრონის წევრების
იდეის მიხედვით დაიწერა, რომელიც შემდეგ განვავრცეთ და სცენარის სახე
მივეცით. მასში მონაწილეობდნენ როგორც გამოცდილი, ისე დებიუტანტი
მსახიობები. რეპეტიციები ორი თვის განმავლობაში გვქონდა. ყველა გმირის
როლი მსახიობზე იყო მორგებული, თითოეულმა მათგანმა იმ დონეზე
შეასრულა, რასაც ველოდი. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ. “-აღნიშნა
გურჯაანის კულტურის ცენტრის ლოტბარმა და ჯგუფის ხელმძღვანელმა ხათუნა
ზარდიაშვილმა.
ერთ-ერთ მთავარ როლს სპექტაკლში დებიუტანტი მსახიობი ლევან
ჯაჯანაშვილი ასრულებდა. როგორც თავად აღნიშნა, წარმოდგენის დაწყებამდე
ძალიან ღელავდა, თუმცა, სცენაზე გასვლისას ეს მღელვარება გაქრა.
„სტუდიაში დაახლოებით ორი თვეა რაც ვარ. ეს ჩემთვის პირველი
სპექტაკლია. მიუხედავად ამისა, ჩემი თამაშით კმაყოფილი დავრჩი და
იმედი მაქვს, მაყურებელსაც მოეწონა. შევასრულე გიგის როლი. ეს იყო
გათავხედებული, ცინიკოსი ბიჭი, რომელმაც შეყვარებულს აწყენინა, მაგრამ
საბოლოოდ მოინანია თავისი შეცდომა და გამოსწორების გზას დაადგა. ამ
სპექტაკლმა ბევრი რამ მომცა. მე მართლა განვიცდიდი იმას, რასაც უნდა
განიცდიდეს ჩემი პერსონაჟი. რეპეტიციაზე ვერ ვტიროდი, მაგრამ სცენაზე
რომ გავედი, სულ სხვა განცდა დამეუფლა და უნებურად ცრემლები
წამომივიდა.“
ლევან ჯაჯანაშვილი „თეატრონის“ ჯგუფში მეგობრების დახმარებით
მოხვდა,მანამდე ის მათი მაყურებელი იყო.
„აქ ჩემმა მეგობრებმა მომიყვანეს და ხათუნამ ისეთი როლი შემირჩია,
როგორიც შემეფერებოდა. გურჯაანის მოსახლეობას ძალიან აკლია თეატრი.
სტუდია „თეატრონი“ მათ საშუალებას აძლევს მოვიდნენ და ერთი საღამო
განსხვავებულ და მრავალფეროვან გარემოში გაატარონ. იმედი მაქვს,
წარმოდგენები ხშირად დაიდგმება და ხალხის დაინტერესებაც უფრო მეტი
იქნება.“
ნია გაზდელიანი თბილისიდან არის და გურჯაანის სცენაზე გამოსვლა
მისთვისაც დებიუტი იყო.
„თავიდან დედის როლი უნდა შემესრულებინა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ
მოვირგე. მერე ექიმის როლი ავირჩიე. ჩემი შესრულება სხვებსაც
მოეწონათ. თბილისში გარკვეულ სპექტაკლებში მიმიღია მონაწილეობა,
ამიტომ სცენაზე გამოსვლის გამოცდილებაც მქონდა.“
სპექტაკლში „სინანული უკვე გვიანია“ მამის როლს ვახო სალთხუციშვილი
ასრულებდა, რომელსაც „თეატრონთან“ ურთიერთობის გარკვეული გამოცდილება
უკვე გააჩნია.
„ჩვენმა სპექტაკლმა მაყურებლის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.
თავიდან ჩემი როლის მორგება ძლიან გამიჭირდა, იმიტომ, რომ ცხოვრებაში
არ დამილევია და არ ვიცი მთვრალი ადამიანის ხასიათი. მაგრამ ვფიქრობ,
ლოთი კაცის როლი გავითავისე, რადგან ყველაფერი ბუნებრივად გამომივიდა.
ეს ჩემი მეორე სპექტაკლია. პირველად ვითამაშე წარმოდგენაში -
„სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ,“ -აღნიშნა ვახო სალთხუციშვილმა.
ყველაზე პატარა მსახიობი 6 წლის გაბრიელ გაზდელიანია. როგორც მან
გაგვიმხილა, სცენაზე გამოსვლით ძალიან კმაყოფილია.
„თეატრონის“ ჯგუფის სპექტაკლები მხოლოდ გურჯაანის კულტურის ცენტრის
სცენაზე ტარდება. ხელმძღვანელის, ხათუნა ზარდიაშვილის თქმით, თუკი
სკოლების მხრიდან დაინტერესება იქნება, მზად არიან წარმოდგენა
მათთანაც გამართონ.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ შემდეგი მსახიობები:
სალომე ქურთიაშვილი, ნია გაზდელიანი, ვიკა სიბაშვილი, ეთო
გორხელაშვილი, ცოტნე ფურცელაძე, თორნიკე დათუნაშვილი, ლევან
ჯაჯანაშვილი, ვახო სალთხუციშვილი, გაბრიელ გაზდელიანი.
მასალის გამოყენების პირობები