თამარ კაპანაძე
ჩალაუბანი-კახეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია, რასაც ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანის გორა-ნამოსახლარებიც ადასტურებს. სოფელი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 17 ეკლესია არსებობდა, დღეს მათ ადგილას მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.
1455 წელს მეფე გიორგის წყალობის სიგელში ჩალაუბანი მოხსენიებულია, როგორც `ჩალამოტი~, ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფიულ ჩანაწერებში კი _ როგორც `ჩალის უბანი.~ სოფელ ჩალაუბნის ტერიტორიაზე არსებული ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის სახელობის ორნავიანი ტაძრები გასულ კვირას კაჭრეთის ტუროპერატორის სპეციალობის სტუდენტებმა მოინახულეს. გვიანი შუა საუკუნეების ორ ტაძარსა და XVII საუკუნის სამსართულიან ციხე-კოშკს სასწრაფო რეაბილიტაცია ესაჭიროება. ისტორიული სიძველეებით მდიდარ სოფელში სარესტავრაციო სამუშაოები დღემდე არც ერთ არქიტექტურულ ძეგლს არ ჩატარებია, რამაც მათი დიდი ნაწილის განადგურება გამოიწვია. საზოგადოებრივ კოლეჯ `აისის~ ლექტორმა და ტუროპერატორების ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ჩვენთან საუბრისას ჩალაუბნის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. "ჩალაუბანში მდებარე ეკლესიების უმცირესობა გვიანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება. ზოგიერთი მათგანი დანგრევის პირასაა. საფრთხე ემუქრება ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს. შესაკეთებელია სახურავი, ამის გამო ზიანდება კედლები, რამაც შეიძლება სიწმინდის დანგრევა გამოიწვიოს. პრობლემის წინაშე დგას XVII საუკუნის ციხე-კოშკიც. მინდა აღვნიშნო, რომ თუკი ძეგლებთან მისასვლელი გზა გაკეთდება და ტაძრებს რესტავრაცია ჩაუტარდება, შესაძლოა, ეს ტერიტორია ტურისტული თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი გახდეს."
გიორგი ჩერქეზიშვილის აზრს იზიარებენ მისი სტუდენტებიც. ტუროპერატორების ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ირინა ჩულაშვილის თქმით, ამ ძეგლებზე ზრუნვა აუცილებელია. "შესაძლოა, ჩალაუბნის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რესტავრაციის შემთხვევაში არაშენდის, ასევე ვეჯინის ციხესა და სამონასტრო კომპლექსთან ერთად, ერთ მთლიან მარშრუტში მოექცეს (ისტორიული წყაროს მიხედვით ჩალაუბნის, ვეჯინის და არაშენდის მოსახლეობა მტრების შემოსევას ერთმენათს სწორედ ამ კოშკებზე ცეცხლის დანთების საშუალებით დამყარებული კავშირით ატყობინებდა, ავტ.), რაც გამოიწვევს როგორც ქართველი, ისე უცხოელი დამთვალიერებლის დაინტერესებას."
წმინდა გიორგის ორნავიანი ეკლესია, პატარა დარბაზული ციხის ტაძარი, გვიანდელი შუასაუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის, მთავარანგელოზთა, ლომისის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიები _ ეს იმ სიწმინდეების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ჩალაუბნის ტერიტორიაზე მდებარეობს და რეაბილიტაციას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით გურჯაანის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა დამაიმედებელი პასუხი ვერ გაგვცა. "ჩალაუბნის კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის თხოვნით 2 წლის წინ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მივმართეთ და ისინი ამის შესახებ საქმის კურსში არიან, თუმცა, ამ კუთხით მიმდინარე წელს არაფერი იგეგმება. ალბათ შემდეგში მათ რესტავრაციასაც გაითვალისწინებენ," _ გვითხრა მან. ჩალაუბნის მოსახლეობა იმედოვნებს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ამ საკითხით დროულად დაინტერესდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგი სავალალო იყოს და ამ უნიკალური ძეგლებიდან ნანგრევებიც აღარ შემორჩეს.
მასალის გამოყენების პირობები