აფხაზეთიდან დევნილი 14 წლის დავით ჭედია სოფელ გურჯაანში გაიზარდა.
ხელოვნების სიყვარულს ადრეულ ბავშვობაშივე ეზიარა.
მამა ქორეოგრაფია. დავითის მოწოდება კი საცირკო ხელოვნებას
უკავშირდება. მის პროფესიულ ზრდაზე გურჯაანელმა ილუზიონისტმა, პაატა
ძულიაშვილმა იზრუნა.
„ერთ დღეს დამირეკა ბატონმა პაატამ, საცირკო ხელოვნების წრე
უნდა გავხსნაო. ეს მიმართულება თავიდანვე მაინტერესებდა, ინტერნეტში
ვუყურებდი ვიდეოებს და რაღაცებს ვსწავლობდი. ამიტომ სიხარულით წავედი
მასთან.“
მათი ერთობლივი მუშაობა დაახლოებით ორი თვის წინ დასრულდა, როდესაც
გურჯაანს ცირკი "შაპიტო" ესტუმრა.
„როდესაც საცირკო წარმოდგენებს ვმართავდი, ასისტენტებად ჩემი
მეუღლე და შვილები მყავდა. შემდეგ ჩემს გუნდში დავით ჭედიაც მივიღე,
საცირკო ხელოვნებას ვასწავლიდი და ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი.
რამდენიმე თვის წინ გურჯაანს ჩემი მეგობრები ესტუმრნენ. ცირკი
"შაპიტო" ჩვენს ქალაქში წარმოდგენებს მართავდა. დათოც მიდიოდა მათთან
და ვარჯიშობდა. მასში დიდი პოტენციალი დაინახეს და ისევე როგორც ჩემი
შვილი, ისიც სტაჟიორად აიყვანეს."
სცენაზე პირველად გამოსვლის ემოცია დავითს დღემდე ახსოვს. გვიყვება,
რომ შიში, რომელიც მაყურებელთან პირველად შეხვედრის დროს დაეუფლა,
ნელ-ნელა გაქრა და ახლა თავისუფლად ახერხებს პატარების გაოცებას.
მასწავლებელი მოსწავლეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
სექტემბერში ამერიკელი რეჟისორები საქართველოს ეწვევიან და ქართულ
საცირკო ხელოვნებაზე ფილმს გადაიღებენ, სადაც დავით ჭედიაც მოხვდება.
რეჟისორებმა მისი გამოსვლა გურჯაანში უკვე ნახეს, ძალიან მოეწონათ და
როლიც შესთავაზეს.
პატარა მსახიობს დიდი გეგმები აქვს. თუკი შესაძლებლობა ექნება,
აპირებს განათლება საზღვარგარეთ მიიღოს.
„ვფიქრობ, საზღვარგარეთისგან განსხვავებით, ეს სფერო საქართველოში არც
ისე განვითარებულია და კონკურნეციაც არ არის. მინდა, წარმატებული
მსახიობი ვიყო და ამისთვის ბევრს ვიშრომებ.“
თუკი მისი გეგმები გამართლდება, დავით ჭედია ფიქრობს, რომ ქართული
ცირკის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.
მასალის გამოყენების პირობები