გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის მიდამოებში, ე.წ.
"ციციაანთ" მიწებზე, მეცნიერებისთვის უცნობი ეკლესია აღმოაჩინეს.
გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტის თამაზ
მარკოზაშვილის ინფორმაციით, ეკლესია დარბაზული ტიპისაა.
"იგი ნაშენია რიყისა და ნატეხი ქვით კირის დუღაბზე. ეკლესია
ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად ჩაქცეულია კამარა და კონქი, ჩამოშლილია
საპირე ქვები, კედლების მაქსიმალური სიმაღლეა - 1,50 მეტრი. ინტერიერი
ნაწილობრივ კედლებიდან ჩამონაშლელი ქვებით არის ამოვსებული და შიგ
ხე-ბუჩქებია ამოსული. აღნიშნული ეკლესია არ არის მოხსენიებული
ისტორიულ წყაროებში და სამეცნიერო ლიტერატურაში. უცნობია აგრეთვე
ისიც, თუ ვის სახელზეა ეკლესია აშენებული. სულ მალე აღმოჩენილ
ეკლესიაზე, მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის
მიერ შედგენილი იქნება შესაბამისი სააღრიცხვო ბარათი."-
აღნიშნა თამაზ მარკოზაშვილმა.
სოფელი მელაანი გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთის კალთაზე, ზღვის
დონიდან 750 მ-ზე მდებარობს . გურჯაანიდან დაშორებულია 25-კმ -ით.
მელაანს თავიანთ ნაშრომებში ვახუშტი ბატონიშვილი (“აღწერა სამეფოსა
საქართველოსი”) და გერმანელი მეცნიერი იოჰან ანტონ გიულდენშტედტი
მოიხსენიებენ.
სოფელი მდიდარია არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლებით. მეცნიერები
ვარაუდობენ, რომ სოფელი ძველად წარმართული რელიგიის ცენტრი უნდა
ყოფილიყო, აღმოჩენილია ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის
არქეოლოგიური მასალები. უმნიშვნელოვანესია წარმართული ხანის ორი
სამლოცველო: “მელი-ღელე” – I (ძვ.წ. II ათას. II ნახ.) და “მელი-ღელე”
– II (ძვ. წ. I ათასწ. I ნახ.), რომლებიც შეისწავლა 1964-1967 წლებში
კახეთის არქეოლოგიურმა ექპედიციამ.
არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია სამების ჯვარგუმბათოვანი
ტაძარი (გვ. შუა. საუკუნეები), ღვთისმშობლის ეკლესია (გვ. შუა
საუკუნეები), შანას საყდარი (შუა საუკუნეები) და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები