მარინა პეტრიაშვილი
რამდენიმე დღის წინ, გურჯაანის კულტურის ცენტრში გიორგობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის ბავშვები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორი კულტურის სახლის მთავარი სპეციალისტი მარიამ (ციცო) ლაზაშვილი იყო.
"
ეს ღონისძიება გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა. მასში მონაწილეობას იღებდნენ შაშიანის, ვაზისუბნის, ჩუმლაყის და გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები. მათ შორის ჩუმლაყის საჯარო სკოლის ბავშვები პირველად გამოვიდნენ სცენაზე. დაახლოებით ერთი თვეა, რაც ჩვენთან ხალხური ცეკვის ჯგუფმა დაიწყო ფუნქციონირება და ამ ბავშვებმა იმდენი შეძლეს, რომ ლამაზი საცეკვაო ნომრით გახსნეს ღონისძიება. დღეს კიდევ ერთი დებიუტი შედგა. ტარიელ ჯაჭვაძისა და ილია დათუაშვილის ბიჭუნათა გუნდმა მაყურებლების მოწონება დაიმსახურა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დღეს მობრძანდა და ამ კონცერტს დაესწრო. ეს ღონისძიება საკუთარი ძალებით ჩავატარეთ, რაშიც თითოეულ ბავშვს დიდი წვლილი მიუძღვის," _ გვითხრა მარიამ(ციცო) ლაზაშვილმა. კონცერტით კმაყოფილები დარჩნენ მონაწილეებიც და იმედს გამოთქვამდნენ, რომ მომავალში უფრო მეტი მაყურებლის წინაშე მოუწევდათ გამოსვლა.
"დღევანდელი კონცერტი გიორგობას მიეძღვნა. ამიტომ, პირველ რიგში მინდა ყველას მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული. რაც შეეხება ღონისძიებას, მიუხედავად სიცივისა და მაყურებლის სიმცირისა, მაინც ძალიან ლამაზი იყო. ვიმედოვნებ, რომ სხვა დროს დარბაზში უფრო მეტი ადამიანი იქნება," _ გვითხრა ერთ-ერთმა მონაწილემ ნანა მაზიაშვილმა.
კმაყოფილებას გამოთქვამდნენ მაყურებლებიც. მათი თქმით, იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა თავიანთი ნიჭის რეალიზება მოახდინონ, დაიხვეწნენ და მომავალში უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია.
`დღევანდელი კონცერტი ძალიან მომეწონა. მართალია, დარბაზში მაყურებლის სიმცირე იყო, მაგრამ საინტერესო პროგრამის წყალობით კონცერტმა კარგად ჩაიარა. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ციცოს ასეთი ლამაზი საღამოსთვის. იმედს გამოვთქვამ, რომ ის ახალგაზრდა თაობის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, რადგან ბუნებით შემოქმედი და ძალიან აქტიური ადამიანია,~ _ გვითხრა ნუნუ მაზიაშვილმა. კონცერტმა დამსწრე საზოგადოებას სადღესასწაულო განწყობა შეუქმნა. ისინი უკმაყოფილებას მხოლოდ იმის გამო გამოთქვამდნენ, რომ გურჯაანელები პატივს არ სცემენ ადგილობრივ შემოქმედ ადამიანებს და არ ესწრებიან მათ ღონისძიებებს, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთის ღირებულება მიზერულია.
მასალის გამოყენების პირობები