მარინა პეტრიაშვილი
გასულ კვირას ანსამბლი `ცერული1~ პოლონეთიდან დაბრუნდა, სადაც ისინი საერთაშორისო ფესტივალზე იყვნენ მიწვეულები და წარმატებასაც მიაღწიეს. ანსამბლი `ცერული1~ პოლონეთში საერთაშორისო ფესტივალზე იყო მიწვეული, საიდანაც ის ფავორიტი ანსამბლის ტიტულით დაბრუნდა. ხელმძღვანელის თემურ ჯანაშვილის თქმით, მათ პოლონელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს, წარმატებებსაც მიაღწიეს და ახალი შემოთავაზებებიც მიიღეს.
"
მიწვეულები ვიყავით პოლონეთში, სადაც რიგით მე-16 საერთაშორისო ფესტივალი ტარდებოდა. საქართველოდან მარტო ჩვენ ვიმყოფებოდით. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ, უკრაინის, ბულგარეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნის მოცეკვავეები. ამ ფესტივალზე არ იყო პირველი და მეორე ადგილები, აქ მაყურებელს უნდა გამოევლინა ერთი ფავორიტი ანსამბლი. ჩვენდა საამაყოდ, ეს ტიტული პირველივე დღეს მოვიპოვეთ. ხშირად იყო შემთხვევები, რომ ჩვენი ანსამბლის გამოსვლის შემდეგ ხალხი იშლებოდა და ფაქტობრივად, მაყურებელი კონცერტზე აღარ რჩებოდა, ამიტომ ადმინისტრაცია შეგნებულად ჩვენს ნომერს ბოლოსთვის მოიტოვებდა ხოლმე. პოლონეთში ანსამბლ `ცერულის1~ გამოსვლები წარმატებით დამთავრდა. ერთ-ერთი ჩვენი მცირეწლოვანი მონაწილე, როგორც აქტიური ბავშვი, საკმაოდ ძვირადღირებული ველოსიპედით დააჯილდოვეს. წამოსვლამდე გვქონდა შემოთავაზებები, რომ სხვა ფესტივალებშიც მივიღოთ მონაწილეობა," _ გვითხრა თემურ ჯანაშვილმა.
მისივე თქმით, პოლონეთის შემდეგ უკრაინას ესტუმრნენ. მართალია, იქ კონცერტები არ გაუმართავთ, მაგრამ ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. ამის შემდეგ კი რუმინეთში გადაინაცვლეს და ფესტივალშიც მიიღეს მონაწილეობა.
"იქაც ძალიან დიდი წარმატება გვქონდა, თუმცა მასშტაბებით პოლონეთის ფესტივალი უკეთესი იყო. ამის შემდეგ საქართველოში თურქეთის გავლით დავბრუნდით. მოგზაურობისთვის შორი გზა ავირჩიეთ, გვინდოდა გვენახა საბერძნეთი და ვენეცია, სადაც გემით ვიმოგზაურეთ. ეს გასტროლი ძალიან წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა. მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ ერთი გასვლითი ღონისძიებით ბავშვებმა წარმატებებსაც მიაღწიეს და არაერთი ღირშესანიშნავი ადგილიც დაათვალიერეს," _ გვითხრა თემურ ჯანაშვილმა და იქვე ისიც დასძინა, რომ არა მშობლების დიდი მონდომება და თანადგომა, ალბათ ეს გასვლა არ შედგებოდა.
"დაფინანსება ძირითადად მშობლების მიერ მოხდა, რომლებმაც თავი არ დაზოგეს იმისთვის, რომ ჩვენ ამ გასტროლზე წავსულიყავით. მინდა თანადგომისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს შოთა უტიაშვილს, რომელიც გაცილების წინ პირადად მოვიდა და წარმატებები გვისურვა. რაც აქ ვმუშაობ, ასეთი რამ არც ერთი გამგებლისგან არ მახსოვს," _ გვითხრა მან და აქვე სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა.
თემურ ჯანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ ზაფხულს კიდევ ერთი გასტროლი დაგეგმონ.
"საკმაოდ ბევრი ბავშვი მყავს, რომლებმაც სკოლა დაამთავრეს და უმაღლესში აბარებენ. თავისთავად, ანსამბლის დატოვებაც უწევთ, ამიტომ აუცილებლად მოხდება ჩანაცვლება. გვყავს მომავალი თაობაც. ეს ბავშვები საკმაოდ მომზადებულები არიან და მათი წარმატების დიდი იმედიც მაქვს. უფროსი თაობების ტრადიციებს ისინი ღირსეულად გააგრძელებენ," _ გვითხრა თემურ ჯანაშვილმა. გაზეთი `სპექტრი~ ულოცავს ანსამბლ "ცერულ1"-ს ფესტივალზე გამარჯვებას და მომავალშიც დიდ წარმატებებს უსურვებს.
მასალის გამოყენების პირობები