ქეთი არჯენიშვილი
ქალაქ საგარეჯოში დიდი ხანია, რაც სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ფუნქციონირებს, სადაც მსურველებს შეუძლიათ სპორტის სხვადასხვა სახეობებს (ქართული ჭიდაობა, ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ჭადრაკი, სამბო, მძლეოსნობა) დაეუფლონ. როგორც დირექტორი, თემურ კურდღელაშვილი განმარტავს, კომპლექსს ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღება ექცევა.
"სპორტკომპლექსი დიდი ხანია არსებობს და სხვადასხვა სექციაა გახსნილი. მინდა აღვნიშნო, რომ ახალი მთავრობა ზოგადად სპორტს დიდ ყურადღებას აქცევს, რაც ძალიან სასიხარულოა. ამჟამად ჩვენი დარბაზი საკმაოდ კეთილმოწყობილია, გვაქვს თანამედროვე ტატამები, საშხაპეები, სასტუმრო, სავარჯიშო მოედანი და ა.შ." _ განმარტავს ა.ა.ი.პ. საგარეჯოს #69-ე კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორი თემურ კურდღელაშვილი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგარეჯოელმა სპორტსმენებმა მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვეს ჭადრაკში, თავისუფალ ჭიდაობაში, სამბოში, ძიუდოსა და ქართულ ჭიდაობაში.
"უნდა ითქვას, რომ წლების მანძილზე ძიუდოში ერთგვარი ჩავარდნა გვქონდა, დარბაზიც სარემონტო იყო, მაგრამ ეს მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მათი ძალისხმევით დარბაზიც შერემონტდა და ზოგადი სიტუაცია გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება ნამდვილად იმსახურებს ჩვენგან მადლობას. როცა ეკონომიკური რესურსები არ არის, ვერაფერს გავაკეთებთ. მათგან კი თანადგომა ნამდვილად გვაქვს. ძიუდოში გასულ წელს ჭაბუკებში საქართველოს 2 პრიზიორი _ ზაურ მამარდაშვილი და ზაზა როსტომაშვილი (ერთი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს) გვყავდა, მათ საერთაშორისო ტურნირებზე მიიღეს მონაწილეობა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პერსპექტიული სპორტსმენები არიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძიუდოში ძლიერი მწვრთნელები გვყავს _ მამუკა მათიაშვილი და კახა ყორღანაშვილი," _ განმარტა თემურ კურდღელაშვილმა.
მან აქვე წლევანდელ მიღწევებზეც ისაუბრა.
"რაც შეეხება მიმდინარე წელს, ამჟამად ორი ჩემპიონი გვყავს _ ვანო მამისაშვილი (55 კგ. წონით კატეგორიაში) და თამაზ კირაკოზაშვილი (60 კგ. წონით კატეგორიაში). ეს ბავშვები ძალიან აქტიურად ვარჯიშობენ ძიუდოში. თამაზ კირაკოზაშვილმა ჭაბუკებს შორის კიევსა და ანტალიაში ორი უძლიერესი საერთაშორისო ტურნირი მოიგო და ოქროს მედლებიც დაიმსახურა. მალტაში 24 ივნისს გაიმართა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ასპარეზობდნენ თამაზ კირაკოზაშვილი და ვანო მამისაშვილი. ვანო ევროპის ჩემპიონი გახდა, თამაზმა კი მეორე ადგილი აიღო და ვერცხლის მედალი მიიღო. ამჟამად ეს სპორტსმენები დუშეთში ოლიმპიური რეზერვის ბაზაზე იმყოფებიან და წვრთნებს გადიან. ჯერ ევროპის კადეტთა ოლიმპიადაზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ტრაპიზონში გაიმართება, შემდეგ კი, აგვისტოში კიევში კადეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ," _ აღნიშნა თემურ კურდღელაშვილმა და თავის სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.
მასალის გამოყენების პირობები