ქეთი არჯენიშვილი
გასულ კვირას ქალაქ გურჯაანის კულტურის სახლში ავთანდილ გურგენიძის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ტრადიციული კონცერტი გაიმართა. წარმოდგენილი იყო ანსამბლების: `კვირტების~, `ყველაწმინდისა~ და `გურჯაანის~ შემოქმედება.
"ეს იყო ტრადიციული, საჩვენებელ-საანგარიშო კონცერტი. ასეთი ტიპის ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება. მონაწილეობას იღებდა ყველა მოცეკვავე, მათ შორის გამოსაშვები კურსის სტუდენტებიც, ბავშვთა ანსამბლი `კვირტები~, `ყველაწმინდა~ და ჩვენი სასიქადულო სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი `გურჯაანი~. უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც ეს ანსამბლი არსებობს. შემოქმედებითი წყარო რომ ჰქონოდა, დაარსებიდან ათი წლის შემდეგ ჩამოვაყალიბეთ სასწავლებელი. საიუბილეო კონცერტი, რომელიც უფრო გრანდიოზული იქნება, დაგეგმილია ოქტომბერში," _ აღნიშნა გუჯაანის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ხელმძღვანელმა, ავთანდილ გურგენიძემ. კ
ონცერტს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ღონისძიების ორგანიზატორებისადმი მადლიერებას გამოთქვამდნენ.
"კარგია, როდესაც ასეთი კონცერტები ტარდება, აქ სიამოვნებას ვიღებთ, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები, ასევე ახალგაზრდები. ღონისძიებაში ჩემი ახლობელიც მონაწილეობს და საერთოდ მათ კონცერტებს ყოველთვის ვესწრები ხოლმე. მოხარული ვარ ასეთი მშვენიერი საღამო, რომ გაიმართა და ამისთვის მადლიერებას გამოვთქვამ ორგანიზატორების მიმართ,"_ ამბობს გურჯაანელი მარინა ჯავშანაშვილი. როგორც გურჯაანის ქორეოგრაფიული სასწავლებლის ხელმძღვანელმა, ავთანდილ გურგენიძემ გვითხრა, ანსამბლის დაარსების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება შემოდგომით გაიმართება. მანამდე კი დაგეგმილია გასტროლები ბულგარეთსა და იტალიაში.
მასალის გამოყენების პირობები