ინგა ბიტარაშვილი
გასულ კვირას გურჯაანის კულტურის ცენტრში ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის გურამ დოჩანაშვილის საღამო გაიმართა, რომელსაც თავად მწერალიც ესწრებოდა. აღნიშნული ფაქტი საზოგადოების აზრით, მეტად სასიამოვნო და მისაღები იყო, თუმცა გარკვეულ ხარვეზებსაც ჰქონდა ადგილი. გურამ დოჩანაშვილი 1936 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1968 წელს იგი მწერალთა კავშირში მიიღეს. მისი პირველი მოთხრობები 1961 წელს, ჟურნალ `ცისკარში~ დაიბეჭდა. არის ლიტერატურული პრემია_`საბას~ ლაურეატი ნომინაციაში `ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის~.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის უფროსის ნიკა ნიჟარაძის განმარტებით, გურამ დოჩანაშვილის საღამოს ორგანიზება კულტურის ცენტრმა გააკეთა. "მწერალს გურჯაანში მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავს და შეხვედრის სურვილი საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ მოგვეწვია. დოჩანაშვილი კიდევ იმის გამო შევარჩიეთ, რომ ის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ცოცხალი კლასიკოსია. ღონისძიების უშუალო ორგანიზება კულტურის ცენტრმა გააკეთა. შეხვედრით კმაყოფილი დარჩა, როგორც საზოგადოება, ასევე თავად მწერალიც," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ნიკა ნიჟარაძემ.
საზოგადოების აზრით, თავად ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არცთუ ისე კარგად ორგანიზებული. მათი გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ საღამოს დაწყების წინ დამსწრე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სკოლის მოსწავლეებმა დაურიგეს კითხვები, რომლებიც სტუმრისთვის უნდა დაესვათ. "ახალგაზრდები კულტურულ ღონისძიებებს მოკლებულნი არიან, ამიტომაც ძალიან მიხარია, რომ ჩვენს რაიონში ასეთი ღონისძიება ჩატარდა. თუმცა ვფიქრობ, რომ ორგანიზება ეკლდა, რადგანაც წინასწარ შედგენილი კითხვები დასვეს, რომლებიც კონკრეტულ პირებს ჰქონდათ განაწილებული. ჩემი აზრით, აღნიშნული ქმედება ჩვენი რაიონის საზოგადოების შეურაცხყოფაა. შეკითხვები რომ არ გაენაწილებინათ, თვითონ ხალხი უნარშეზღუდულია, რომ უდიდესი მწერლისთვის კითხვა ვერ დაესვა?! საღამოც დაუგეგმავი და არაორგანიზებული იყო _ ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არა კრიტიკა," _ გვითხრა ქალბატონმა ხათუნამ, რომელმაც გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა.
ნიკა ნიჟარაძის განმარტებით, კითხვები თავად სკოლის მოსწავლეებმა შეადგინეს. "მოსწავლეებს სრული თავისუფლება მივანიჭეთ, მხოლოდ ერთ ან ორ ადამიანს არ დაესვა კითხვა, გადანაწილებაც მათ მოახდინეს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ სხვას არ ჰქონდა კითხვის დასმის საშუალება. გამოეთქვათ სურვილი და არც არავინ დაუშლიდათ. მინდა აღვნიშნო, რომ საღამოზე მწერლის სპექტაკლის ჩვენება თავად გურამ დოჩანაშვილის სურვილით მოხდა. გურჯაანელები მაინცდამაინც განებივრებულებინ არ გვყავს ასეთი წარმოდგენებით. ვფიქრობ, ძალიან კარგი სპექტაკლი იყო," _ აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის უფროსმა.
საღამოზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილმა ოთხ პედაგოგს, რომლებმაც სერტიფიცირება გაიარეს, გურამ დოჩანაშვილის ავტოგრაფით სამახსოვრო წიგნები გადასცა. "გურჯაანის ოთხმა პედაგოგმა სერტიფიცირება წარმატებით გაიარა _ ეს არის მასწავლებელთა პირველი ნაკადი, ამიტომაც დღევანდელ დღეს მათ სიმბოლურად გადავეცით წიგნები უდიდესი მწერლის ავტოგრაფით," _ განაცხადა ზაქარია იაგანაშვილმა.
გურამ დოჩანაშვილმა ამ შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა სტუმრებსაც და ღონისძიების ორგანიზატორებსაც. "დღეს დიდად ბედნიერ ვარ და უდიდეს მადლობას მოგახსენებთ ყველას. ეს სიხარული და თქვენი სიყვარული ძალას მმატებს. ჩვენ ეხლა ილია ჭავჭავაძის მხარეში ვართ, რაც კიდევ უფრო მეტად მსიამოვნებს. მე მიყვარს საქართველოს ყველა კუთხე და მათ შორის კახეთი. ძალიან მიყვარხართ," _ ამ სიტყვებით მიმართა გურამ დოჩანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას და მსურველებს ავტოგრაფებიც მისცა.
მასალის გამოყენების პირობები