ნათია გელაშვილი
27 მარტი თეატრის საერთაშორისო დღეა. ამ დღის ღირსეულად აღნიშვნისათვის ყველა ემზადება. მათ შორის არიან სიღნაღელი თეატრალებიც. პატარა, მაგრამ დიდი ტრადიციების მქონე დასი.სიღნაღის სახალხო თეატრის შორეულ თუ ახლო წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე სასაუბროდ გაზეთი `სპექტრი~ რეჟისორ მურად ვაშაკიძეს ეწვია.
"როდესაც სიღნაღის თეატრის წარსულს ვეხებით, საქმე გვაქვს მდიდარ ტრადიციებთან, რომელიც საუკუნე ნახევარს ითვლის. თეატრის დაარსების თარიღად 1872 წელი სახელდება. 19 აგვისტოს წარმოუდგენიათ გიორგი ერისთავის კომედია `ძუნწი~, ამავე თვის 24-ში კი _ `გაყრა." მაგრამ ფესვები უფრო შორს უნდა ვეძიოთ. გადმოცემით ცნობილია, რომ სოფელ ბოდბისხევში ცხოვრობდა "სოფლის გამამხიარულებელი და დარდის გამფანტავი“ კაცი, რომელიც მეფე ერეკლეს სასახლეში წაუყვანია და პატივსაცემ კაცთა სიაში ჩაურიცხავს. მისთვის მეტსახელად ოიანა-ბუიანა დაურქმევიათ. იგი მეფისა და დიდებულების წინაშე წარმოდგენებს მართავდა და მოწონებასაც იმსახურებდა.არსებობს ცნობები სიღნაღსა და მის მაზრაში გამართული ბერიკაობისა და ყეენობის შესახებ, რომელიც ჭეშმარიტად სახალხო თეატრს წარმოადგენდა.1872 წლის შემდეგ სცენისმოყვარეთა საქმიანობა აღარ შეწყვეტილა. სიღნაღელები ხშირად ხვდებოდნენ ქართული პროფესიული თეატრის ვარსკვლავებს _ ვასო აბაშიძეს, ლადო მესხიშვილს, ნატო გაბუნიას, კოტე მესხს, ელისაბედ ჩერქეზიშვისლს, ალექსანდრე იმედაშვილს, ნატო ვაჩნაძეს, ვერიკო ანჯაფარიძეს, შალვა დადიანს და სხვებს.ბატონი მიშა თუმანიშვილი გვასწავლიდა, რომ `თეატრი ტაძარია, სადაც მაყურებლის სულს გადაარჩენენ," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში სიღნაღის თეატრის რეჟისორმა, მურად ვაშაკიძემ.
მაყურებლის "სულის გადარჩენისთვისთვის" კი მართლაც, ბევრი რამ უკეთებიათ რეჟისორებსა და მსახიობებს: ნინო, ელო, მაკა, ქეთევან და თამარ ანდრონიკაშვილებს, კოტე და მართა ტყავაძეებს, ოლღა მესხიშვილს, ვასილ სიფრაშვილს, სოსო ივანიძეს, სოსო ჟივიძეს, ახო ვაჩნაძეს, ვახტანგ გარიკს, ნიკო ჯავაშვილს, ვიქტორ მატაძეს, ნუნუ მაჭავარიანს, მიხეილ იარალოვს, სოსო მებურიშვილს, გრიგოლ ლაღიძეს, რობერტ ქართველიშვილს, ვახტანგ არეშიძეს, კოტე მახარაშვილს. კომპოზიტორებს: სანდრო მირიანაშვილს, მიხეილ ჩირინაშვილს, მხატვრებს, გიორგი ნადირაშვილს, გიორგი დანიელაშვილს და სხვებს...
"80-იან წლებში თეატრმა შემოქმედებითი განახლება განიცადა. Mმსახიობებმა აკაკი ძაძამიამ, ოთარ ძიძიგურმა, სოფიო ლეკიშვილმა, მედეა სულხანიშვილმა, არკად მოსეშვილმა, თემურ მემანიშვილმა და სხვებმა, (რეჟისორი თავად გახლდით) სათავე დაუდეს ახალ ეტაპს თეატრის ისტორიაში. შეიძლება ითქვას, მათ ტრიუმფით მოიარეს ევროპისა და ამერიკის რამდენიმე ქვეყანა. ჩამონათვალი კი ასეთია: 1987 წლიდან დასი მონაწილეობდა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებზე, რომლებიც ტარდებოდა მსოფლი გაერთიანების აიტა-იატას ეგიდით. სიღნაღის თეატრი 1987 წელს წარსდგა ლატვიაში, 1988 წელს _ კანადაში, სადაც გრანპრი დაიმსახურა, 1989 წელს _ მექსიკაში, ტამპიკოში, 1990-1992 წლებში იყო ჩეხოსლოვაკიასა და კანადაში, ხოლო 1996-1997 წლებში _ თურქეთსა და ინგლისში გამართულ საერთაშორისო ფესტივალებზე," _ გვიყვება მურად ვაშაკიძე.
სიღნაღელი თეატრალებისთვის მაინც მწარედ მოსაგონარია 90-იანი წლები. ჩაბნელებული, გაყინული სცენა და უმაყურებლო პარტერი, ურეპეტიციო ცხოვრება, სიღნაღი _ უთეატროდ. მაგრამ იყო ოცნება გაჩირაღდნებულ რამპებზე, იმედი, იმედი და რწმენა...… გასულ წელს, თეატრის საერთაშორისო დღეს, მსახიობები ახალი სპექტაკლით შეხვდნენ. წელსაც ასევე იგეგმება პრემიერა `ჯვარცმული ბედნიერება,~ რომლის რეჟისორია მურად ვაშაკიძე, ხოლო პიესის ავტორი _ ჯემალ მონიავა.
"სპექტაკლი აფხაზეთის ომზეა, რომლის ფონზე წარმოდგენილია აფხაზი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ამბავი. ვეცადეთ 20 წლის შემდეგ მაინც შეგვეფასებინა ის, რასაც სამოქალაქო ომი ჰქვია.გვყავს ახალი მსახიობები: პავლე ნადირაძე, სუსანა ზანდარაშვილი, ცირა ჯამაკაშვილი. ახალი თაობა ძველ დასთან ერთად 27 მარტს საინტერესოდ წარსდგება მაყურებლის წინაშე," _ ასე დაასრულა `სპექტრთან~ საუბარი ბატონმა მურად ვაშაკიძემ.საზოგადოება და საერთოდ ერთგული მაყურებელი მოუთმენლად ელის დაპირებულ პრემიერას და იმედოვნებს, რომ სიღნაღის თეატრი, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს, კიდევ მრავალი წელი იზრუნებს მათი `სულის გადარჩენაზე.~
მასალის გამოყენების პირობები