ნონა მახარაშვილი
ქალაქ გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ `გოძიაანთ უბანთან~ რამდენიმე დღის წინ, მიწის დამუშავებისას შემთხვევით მორიგი სამარხი აღმოაჩინეს. იგი ადრეულ შუასაუკუნეებს, ფეოდალურ ხანას განეკუთვნება.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი განმარტავს, სამარხი რამდენიმე დამუშავებული და გათლილი ფილაქვისაგან შედგებოდა. "იგი აღმოჩენილია მიწის ზედაპირიდან ნახევარი მეტრის სიღრმეზე. მსგავსი ტიპის სამარხები საქართველოში მასიურად გვხვდება ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან, ანუ ქრისტიანობის გავრცელების პერიოდიდან," _ ამბობს თამაზ მარკოზაშვილი.
მისივე თქმით, სამარხში იყო უძველესი ბრინჯაოს და რკინის ძვირფასი ნივთები და სამი ადამიანის ნეშტი. "ერთ-ერთი ადამიანი ქრისტიანული წესით, თავით დასავლეთისკენ, გულაღმა იყო დაკრძალული, დანარჩენი მიცვალებულის ძვლები კი უფრო ადრე იყო დამარხული. ნეშტს არ უტარდება ექსპერტიზა, რადგან ძვლები ძალიანაა დაშლილი და თითქმის ფრაგმენტულად არის შემორჩენილი. სამარხში ასევე აღმოჩენილია 4 დაჟანგებული ნივთი _ რკინისა და ბეჭდის ფრაგმენტები და ბრინჯაოს სამკაულები, რომლებიც შესასწავლად გურჯაანის არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ ფონდსაცავს გადაეცა," _ ამბობს მარკოზაშვილი.
როგორც ცნობილია, გურჯაანში სამარხის აღმოჩენის ეს პირველი ფაქტი არ არის. მსგავს შემთხვევებს გასულ წლებშიც ჰქონია ადგილი. "ჩვენ ვიცით, რომ გურჯაანი ქალაქად 1932 წელს გამოცხადდა, ის ახალგაზრდა ქალაქია და ამ აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს. არის ვარაუდი, რომ მსგავსი ტიპის სამარხები აუცილებლად იქნება, რადგან ამის კვალი რამდენიმე ადგილზე შეინიშნება," _ ამბობს მარკოზაშვილი და იქვე დასძენს, რომ ახლა მთავარია გამოიძებნოს თანხები, რათა ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური დაზვერვები ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები