საგარეჯო, იორმუღანლოს თემი, სოფელი კაზლარი... სოფლის შესასვლელში
„ბირჟაზე“ ადგილობრივი მოსახლეობა შეკრებილა და სხვადასხვა
საჭირბოროტო საკითხზე მსჯელობს. ჩვენც მათ ვუერთდებით და დისკუსიაში
ვერთვებით.
იქიდან გამომდინარე, რომ დღეს აქტიურად მიდის საუბარი C ჰეპატიტის
ელიმინაციის პროგრამაზე, დავინტერესდით, რა ინფორმაციას ფლობენ იქ
მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები ამ დაავადების შესახებ და როგორია
მათი მზაობა პროგრამაში ჩართვის თვალსაზრისით. კითხვაზე - იციან თუ
არა რა არის c ჰეპატიტი, უმეტესობა მათგანი გვპასუხობს, რომ - არა, ან
გაუგიათ მხოლოდ ტელევიზიით. მათთან ამ დრომდე არც უფასო სკრინინგის
(გამოკვლევა) პროგრმა განხორციელებულა.
დაავადების შესახებ მეტ-ნაკლებად ინფორმაციას ფლობს ელბაი ალიევი.
იცის, რომ C ჰეპატიტი გადამდებია, თუმცა, რა გზით ვრცელდება, ვერ
აკონკრეტებს. ამბობს, რომ ოჯახის წევრების უსაფრთხოებისთვის,
აუცილებელია იცოდეს, არის თუ არა ამ ვირუსის მატარებელი.
-„მთელი მსოფლიო ფიქრობს, რომ ეს დაავადება უნდა შემცირდეს. წამლებიც
ხომ უფასოა, ჩვენი ქვეყანაც ზრუნავს ამაზე. ჩემს ოჯახში 2
მცირეწლოვანი შვილიშვილი ცხოვრობს, კარგი იქნება, ეხლავე გავიგო მჭირს
თუ არა დაავადება, რომ მათ არ გადაედოთ. ჰეპატიტს საშუალება არ უნდა
მივცეთ, რომ განვითარდეს. ჯერ არ მსმენია, რომ ვინმეს ჰქონდეს ეს
დაავადება, მაგრამ თუკი გავიგებთ, რომ ჰეპატიტი აქვს, აუცილებლად
გვერდში უნდა დავუდგეთ, რომ გული არ გაუტყდეს.“- ამბობს ელბაი
ალიევი.
73 წლის ალიხან გასანოვი კაზლარის მკვიდრია. მის გარდა სახლში კიდევ
14 ადამიანი ცხოვრობს. c ჰეპატიტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ
ფლობს. ამბობს, რომ თუკი მათ სოფელში გამოკვლევა ჩატარდება, ის და
მისი ოჯახი, აქციაში აუცილებლად ჩაერთვებიან.
-c ჰეპატიტი რა დაავადებაა არ ვიცი, მაგრამ თუკი საჭიროა გამოკვლევა
და თანაც უფასოდ აგვიღებენ ანალიზებს, რა თქმა უნდა, მივალთ. ჩვენს
სოფელში არ მსმენია, რომ ვინმეს ეს დაავადება ჰქონდეს.“
მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობისთვის უცნობია დაავადების
სპეციფიკისა და მკურნალობის იმ პროგრამის შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის
სამინისტრო ახორციელებს, მზაობას გამოთქვემენ, რომ აღნინულ აქციაში
ჩაერთვნენ.
-„მგონი ჩვენს სოფელში ეს დაავადება საერთოდ აღმოჩენილიც არ არის. თუ
ექიმები მოვლენ და უფასოდ ჩაატარებენ გამოკვლევას, რატომაც არ მივალთ.
შეიძლება 30%-მა აარიდოს თავი, მაგრამ 70% ხომ მივა. თუ ვინმეს
გამოუვლინდა და უფასოდ უმკურნალებენ, მერე დანარჩენებიც
დაინტერესდებიან და ექიმთან წავლენ,“ - ამბობენ კაზლარელები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იომუღანლოს თემის ჯეო-ჰოსპიტალისის
კლინიკის მენეჯერი ბაშირ მაჰმუდოვი ადასტურებს, რომ მათ თემში c
ჰეპატიტის სკრინინგი არ ჩატარებულა, არც ის იცის, დაგეგმილია თუ არა
რაიმე აქტივობა ამ კუთხით. მისივე თქმით, დაავადების შესახებ
ინფორმაცია მათ თემში ნაკლებია.
-"ჯერჯერობით არ ჩატარებულა აქცია, შესაძლოა, შემდეგში დაიგეგმოს,
ზუსტად ვერ გეტყვით, როდის. ჩვენ სოფლებში ეს დაავადება
რეგისტრირებული არ არის. ჩივილებითაც არავის მოუმართავს. თუკი საჭირო
იქნება, მოსახლეობას მივცემთ რეკომენდაციას, სად უნდა ჩაიტარონ
გამოკვლევა. იმას ნამდვილად გიდასტურებთ, რომ მოსახლეობა ნაკლებად
ინფორმირებულია თავად დაავადებისა და მისი მკურნალობის პროგრამის
შესახებაც," - ამბობს ბაშირ მაჰმუდოვი.
C ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ღვიძლს აზიანებს. დაავადებას
60-70%-ს შემთხვევაში, ახასიათებს გაქრონიკულება, დანარჩენ
შემთხვევაში კი თავისთავადი გამოჯანმრთელებით სრულდება. „ადამიანის
ორგანიზმს აქვს იმონობიოლოგიური ძალები, რომლებსაც შესწევს უნარი ამ
ვირუსს გაუმკლავდეს. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული
ადამიანი. არსებობს სამი ფორმა, შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული,
ასევე ვირუსმატარებლობა. გადაეცემა ძირითადად სისხლით, არასაკმარისად
დეზინფიცირებული იარაღებიდან, როგორიცაა, სტომატოლოგიური,
გინეკოლოგიური, ქირურგიული იარაღები. რისკობიექტებად მოიაზრება
სილამაზის სალონები. ჰეპატიტის ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 40-50
დღეა. ანუ ახასიათებს ფარული პერიოდი და შემდეგ ხდება მისი
გამოვლენა.“- ამბობს ექიმი -პროფილაქტიკოსი ეკა ბურდიაშვილი.
მისივე თქმით, დაავადების დროს გამოხატულია თავისა და მუცლის ტკივილი,
ღებინების შეგრძნება. ხშირ შემთვხვევაში კი, უსიმპტომოდ მიმდინარეობს,
ამიტომ c ჰეპატიტს მდუმარედ მიმდინარე ვერაგ დაავადებასაც
უწოდებენ.
-„იმ დროს, როდესაც მწვავე ფორმაა, ახასიათებს ტკივილი მარჯვენა
ფერდქვეშა არეში, შეიძლება დაერთოს სახსრების ტკივილი, სიცხიანობა.
ხშირ შემთხვევაში, სანამ ბოლო სტადიამდე არ მივა, ადამიანი ვერაფერს
გრძნობს. დიაგნოსტირება ტესტ-ჩხირების გამოყენებით ხდება. ქვეყნის
მასშტაბით C ჰეპატიტის წინააღმდეგ არაერთი კამპანია ტარდება. ეს არის
საკმაოდ კეთილი საქმე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.
გაშლილია მუშაობა როგორც პრევენციული კუთხით, ასევე მკურნალობის
თვალსაზრისითაც, რომელიც უფასოა. სტატისტიკური მონაცემებით,
ელიმინაციის პროგრამამ კარგი შედეგი გამოიღო. მოვუწოდებ ყველა
მოსახლეს, გამოიყენონ ეს სიკეთე და ჩაიტარონ კვლევა. ადრეული
დიაგნოსტიკა, როგორც ნებისმიერი დაავადების დროს, ამ შემთხვევაშიც
უმნიშვნელოვანესია.”
ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2016-2020
წლებში c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა დამტკიცდა. ამასთან ერთად,
მომდევნო წლიდან ცნობიერების ამაღლების კუთხითაც ჩატარდება გარკვეული
ღონისძებები.
-„სკრინინგული კვლევები უფასოა ყველა რაიონულ თუ რეგიონულ ცენტრში.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში
მიიღოს უფასო მომსახურება. რაც შეეხება დანარჩენ დიაგნოსტიკურ
კვლევებს, ეს მთელს ქვეყანაში ერთიანი სისტემით მოქმედებს. სოციალურად
დაუცვლებს მომსახურება უფინანსდებათ 70%-ით, ხოლო სხვებს 30%-ით.
ცნობიერების ამაღლება ამ დაავადებასთან მიმართებით, ერთიანი გეგმის
ნაწილია, რომელიც მომდევნო წლისთვის განხორციელდება.“ - აღნიშნა
ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და
პროგრამების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით,
სკრინინგის პროგრამა იორმუღანლოს თემში ჯერ არ განხორციელებულა, თუკი
მოსახლეობა მოითხოვს, მსგავს აქტივობას აუცილებლად დაგეგმავენ.
-„ორჯერ ვიყავით საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში
გამოკვლევაზე. წესით, იორმუღანლოს თემის მოსახლოება ამის შესახებ
გაფრთხილებული უნდა ყოფილიყო. თუკი მათგან იქნება მოთხოვნა, რომ
უშუალოდ მათთან ჩავიდეთ, ასეც მოვიქცევით. მათი მზაობა ამისთვის
გაგვიხარდება კიდეც. კახეთში გვქონდა შემთხვევები, როდესაც
მოსახლეობის სურვილით ადგილზე ჩავედით გამოკვლევისთვის. ისე ყველა
რაიონულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ვატარებთ სკრინინგს.
“
მისივე თქმით, კახეთის მასშტაბით c ჰეპატიტის შესახებ საინფორმაციო
ბუკლეტებიც დარიგდა, თუმცა მხოლოდ ქართულ ენაზე.
-„ბროშურებს ვარიგებთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, რაიონებში
და შემდეგ ისინი სოფლის ექიმების მეშვეობით ავრცელებენ. რა თქმა უნდა,
ეს აქცია ჩატარდა საგარეჯოშიც. თუმცა, სამწუხაროდ, ბროშურები
აზერბაიჯანულ ენაზე არ გამოცემულა.“
ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სკრინინგის მომსახურების
მიღება კახეთის მასშტაბით მხოლოდ თელავის ლაბორატორიულ ცენტრშია
შესაძლებელი. თუმცა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ამ მომსახურების
გაწევის სურვილს გამოთქვამს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მათ
ხელშეკრულებას გაუფორმებს, რათა პროგრამამ უფრო მეტი ადამიანი
მოიცვას.
ნატალია ბარბაქაძე
სტატიის აზერბაიჯანული ვერსია
მასალის გამოყენების პირობები