ინგა ბიტარაშვილი
უკვე მესამე წელია, რაც სასწავლო ოლიმპიადა ყველა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. წელს ეს ტური 30 ოქტომბერს დაიწყო და 28 ნოემბრამდე გაგრძელდა.
ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლებში ოლიმპიადები ერთი და იგივე დღეს ტარდება და მასში მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ.
"სასკოლო ოლიმპიადა შაბათ-კვირას ყველა იმ საგანში ტარდება, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისიწნებული. ეს საგნებია: ქართული ენა-ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ინფორმატიკა. გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ ოლიმპიადაზე 1 300 მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ტესტები შედგენილია შეფასების ცენტრის მიერ, მოსწავლეების ნამუშევარს კი სკოლებში პედაგოგების მიერ შერჩეული კომისია აფასებს," _ ამბობს `სპექტრთან~ საუბარში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი.
მისივე თქმით, სასკოლო ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, იანვარში რაიონული, ხოლო შემდეგ რესპუბლიკური ოლიმპიადები ჩატარდება, რასაც მშობელთა უმრავლესობა დადებითად აფასებს. "აღნიშნული ოლიმპიადები ბავშვის გონებისთვის ძალიან კარგია. ასეთ შემთხვევაში მოსწავლე ცდილობს სხვაზე უკეთ ისწავლოს, რათა ფინალამდე მიაღწიოს. ორი შვილი მყავს და ისინიც იღებენ მონაწილეობას. ვნახოთ რა იქნება, რესპუბლიკურში თუ ვერ გავლენ, ტესტებთან მუშაობას მაინც ისწავლიან. ეს ძალიან მახარებს," _ გვითხრა ნათელა გურგენიშვილმა.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ამბობს, რომ რესპუბლიკურ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის გარკვეული პრიზებია დაწესებული: "ფინალში გასული მოსწავლეებისთვის დაწესებულია შემდეგი პრიზები: `ნეტბუქები~ და საზაფხულო ინგლისურენოვანი ბანაკები. ანუ რესპუბლიკურ ტურში გამარჯვებულ მოსწავლეს ორი კვირით ინგლისის საზაფხულო სკოლაში გააგზავნიან," _ განმარტა ლალი გაბიტაშვილმა.
მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან, ერთი ან ორი მოსწავლე ყოველთვის გადის რესპუბლიკურ ტურში. მაგალითად, გასულ წელს, ამ პროექტის ფარგლებში, ინგლისში გააგზავნეს კარდენახის საჯარო სკოლის მოსწავლე გოგა ხატიაშვილი, წელს კი _ კაჭრეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე, შოთა ბეროშვილი და ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე გოჩა მთვარელიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები