მიმდინარე წლის იანვრიდან საბავშვო ბაღებში იმ აღსაზრდელების მიღება დაიწყება, რომლებიც ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან დარეგისტრირდნენ, მაგრამ 2 წელი ეხლა შეუსრულდათ.
როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი განმარტავს, კვებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შეიქმნება, თუმცა კვლავ განსახილველია ტექნიკური პერსონალის ხელფასები.
სექტემბრის თვიდან "ადგილობრივი თვითმმართველობის" შესახებ კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ბაღში მხოლოდ 2 წლიდან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელები მიიღებიან. სიახლეს მშობლები მაშინვე უარყოფითად შეხვდნენ, რადგან აპრილში უკვე დარეგისტრირებული 380 ბავშვი საბავშვო ბაღის მიღმა დარჩა.
როგორც ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი ნინო ლ. ამბობს, ახალი კანონის ამოქმედების გამო, ბაღში შვილი ვერც შარშან მიიყვანა და წელსაც საეჭვოა მიიღებენ თუ არა.
-"წინა წლებში სხვანაირად იყო. პირველი შვილი ბაღში წლინახევრის ასაკში მივიყვანე, მაშინ არაფერი პრობლემა არ გვქონია. მეორე კი წლისა და 7 თვის იყო, როდესაც დავრეგისტრირდით, მაგრამ ახალი კანონის მიხედვით 2 წლამდე ბავშვები აღარ მიიღეს. ვმუშაობ და ამის გამო მისი დატოვება ხან ვისთან მიწევს, ხან _ ვისთან. რამდენიმე დღის წინ ბაღში ვიყავი მისული, მაინტერესებდა როდისთვის შეიძლებოდა ბავშვი მიმეყვანა, მაგრამ მითხრეს, პროცესი ჯერჯერობით შეჩერებულია და როდის განახლდება, ჩვენც არ ვიცითო." _ აღნიშნა მან.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორმა ლელა თევდორაშვილმა განმარტა, მშობლების შიში უსაფუძვლოა.
-"კანონში ცვლილება 2013 წლის სექტემბრიდან შევიდა, რის შედეგადაც საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა ასაკობრივი მდგომარეობა 2-დან 6 წლამდე განისაზღვრა. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ 1 სექტემბრამდე ბავშვებს 1 წლის ასაკიდან ვიღებდით, 1 სექტემბრის შემდეგ უკვე მიღება 2 წლის ასაკიდან დაიწყო. წინასწარ რეგისტრაციას ყოველთვის 1 აპრილიდან ვაკეთებთ და აქედან გამომდინარე, რაიონის მასშტაბით 37 ბაღში, ჩვენ 380 ორ წლამდე ასაკის ბავშვი გვყავდა დარეგისტრირებული. იმის გამო, რომ კანონმა არ მოგვცა საშუალება ისინი მიგვეღო, მათი რეზერვში ჩარიცხვა მოხდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ბავშვი, რომელიც 2 წლის გახდება, ბაღში ჩაირიცხება. პირველი იანვრის მდგომარეობით, 380 ბავშვიდან დაახლოებით 30 უკვე ჩარიცხულია. დანარჩენები კვლავ რეზერვში ითვლებიან და როგორც კი ასაკი შეუსრულდებათ, ეტაპობრივად მივიღებთ."
ლელა თევდორაშვილის მოთხოვნა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არგუმენტი
ლელა თევდორაშვილის თქმით, რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა, აღსაზრდელების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.
-"ამან კონტიგენტის მატებაზე ძალიან იმოქმედა. ოქტომბერში და ნოემბერში გატარებულ ბავშვთა რაოდენობამ ლამის 1700 შეადგინა, მაშინ როდესაც პირველ სექტემბრამდე კვებას ვთვლიდით 1200 ბავშვზე. თუ ის აღსაზრდელებიც დაგვემატებიან, რომლებსაც 2 წელი შეუსრულდებათ, მაშინ ალბათ ცვლილებების შეტანა დაგვჭირდება. ამ ეტაპზე ახალი ბიუჯეტით კვება დღეში 1500 ბავშვზეა გათვლილი, ეს არასრულყოფილი ციფრია. მარტიდან, როდესაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები დაიწყება და ვირუსების სეზონი აღარ იქნება, მათი რაოდენობა გაიზრდება და აქედან გამომდინარე ცვლილებები აუცილებლად შევა ბიუჯეტში. როგორც კი ბავშვთა რაოდენობა მოიმატებს, ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ." _ განმარტა მან.
ლელა თევდორაშვილმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალის ხელფასებთან არის დაკავშირებული.
-"ის სახელფასო ანაზღაურება, რაც დღეს გააჩნიათ საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულებს (საუბარია ტექნიკურ პერსონალზე –აღმზრდელის თანაშემწე, ძიძა, მზარეული) საარსებო მინიმუმსაც არ შეესაბამება. არადა, კარგად იცით, როგორი შრომატევადია მათი საქმე. ამიტომ ეს საკითხი პირადად მე საკრებულოს სხდომაზე რამდენჯერმე დავაყენე. მოვითხოვ, რომ მათი სახელფასო ანაზღაურება აუცილებლად გაიზარდოს."-აღნიშნა მან.
საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალის დაბალი ანაზღაურების შესახებ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ენუქიძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხით ის უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია.
-"ეს თემა განსახილველად წინა საკრებულოს სხდომაზეც გავიტანე. როგორც მივხვდი, ამათი პრინციპი ის არის, რომ 401 თანამშრომელს ერთიანად მოემატოს ხელფასი. მე კი იმას ვამბობ, რომ ადამიანს შრომის მიხედვით უნდა მიეცეს ანაზღაურება. ყველაზე დიდი დატვირთვა საბავშვო ბაღებში ძიძებს და მასწავლებლებს აქვთ, რომლებსაც ჯგუფში 30-40 ბავშვი უზის და მათზეა პასუხისმგებელი. მე არავის წინააღმდეგი არ ვარ, ნეტავ იყოს იმის საშუალება, რომ ყველას მოემატოს, მაგრამ ვთვლი, რომ სხვა მომსახურე პერსონალთან განსხვავებით, სწორედ მათზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. დანარჩენებმა არ უნდა მიწყინონ, ლოგოპედია თუ მუსიკის მასწავლებელი, რამდენიმე საათით რომ მოდის და მიდის, ეს უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. საკრებულოს იმ სხდომებზე, სადაც ბიუჯეტის განხილვა იყო, მე ეს საკითხი ყოველთვის წინა პლანზე გამომქონდა, მაგრამ თვითონ ხელმძღვანელობის პოზიცია იყო "ან ყველას, ან არავის", რასაც არ ვეთანხმები. სამწუხაროდ, წინა პერიოდში ვერ დავითანხმე ვერც საკრებულო და ვერც ბაღების ხელმძღვანელობა. კიდევ ვეცდები ამას."-გვითხრა მან.
გია ენუქიძემ იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელიც ზოგიერთ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაშია გადასახედი.
-"ჩამოწერენ თავის პრობლემებს და მხოლოდ ერთი აბზაცი მიეძღვნება ხოლმე ხელფასებს. ეს ასე არ ხდება. უნდა გაკეთდეს კონკრეტული გათვლები, რა რაოდენობის პერსონალზეა ლაპარაკი, რა კატეგორიებს ეხება, რამდენი თანხა სჭირდებათ და ა.შ. ყველაფერი დასაბუთებულად უნდა წარმოადგინონ და საკითხიც ამის შემდეგ დააყენონ. ბაღის დახურვა არ არის კარგი, მაგრამ იქ რომ არის მენეჯერი, ძიძა, ძიძის თანაშემწე, მეეზოვე, მზარეული, მზარეულის თანაშემწე და ბავშვი კი მხოლოდ 5 დადის, არ არის მიზანშეწონილი. მთელი დღე ჭორაობაში და ყავის სმაში იღებენ ხელფასს, აი, ამაშია საქმე. ეს არ მინდა რომ ასე იყოს."
არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ 2014 წელს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში მომსახურე პერსონალს ანაზღაურება მოემატოს, ამის შესახებ გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარეს ავთანდილ ზარდიაშვილს ვესაუბრეთ.
-"ქალბატონმა ლელამ ამ პრობლემით საკრებულოს რამდენჯერმე მიმართა. 2013 წელს საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ხელფასი მცირედით გავუზარდეთ. 2014 წელში ამ საკითხის გადაწყვეტა ნაკლებად მგონია, იმიტომ, რომ ბიუჯეტი უკვე განსაზღვრულია, თანაც ჩვენ გვაქვს ისეთი აიიპიები, სადაც არც 2013 წელში მომხდარა დაფინანსების გაზრდა, იქ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. მხედველობაში მაქვს იგივე მუსიკალური სკოლების გაერთიანება და სამხატვრო სკოლა, სადაც ძალიან მიზერული ხელფასებია."
თუ ცენტრალური ხელისუფლება ახალ პროგრამას არ დაიწყებს და თანხები არ გაიზრდება, საკრებულოს თავმჯდომარეს ადგილობრივი ძალებით ამ ეტაპზე საბავშვო ბაღების პერსონალის ხელფასის ზრდა შეუძლებლად მიაჩნია.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები