შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ.
პირველი შეხვედრა კი 21 ნოემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა.აღნიშნული უწყების ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დამსწრე საზოგადოებას ის ცვლილებები გააცნო, რომელიც 2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განხორციელდება.
-"არ ვაპირებთ ერთპიროვნულად მივიღოთ გადაწყვეტილებები. დღეს, საუბარი ეხებოდა უცხო ენის გამოცდაში მოსმენის ნაწილის დამატებას, არჩევით საგანთა ნუსხაში შეტანილ ცვლილებას და ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. ჩვენ უკვე შევხვდით თბილისის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს, რეგიონებიდან კი თელავი პირველი ქალაქია, სადაც ინიციატივების გაცნობა მოხდა,"-გვითხრა მაია მიმინოშვილმა.
თესაუს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნელი ცქიტიშვილმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
-"ძალიან კარგია ასეთი საინფორმაციო შეხვედრები.Mმიზნად ისახავს არამარტო სიახლეების გაცნობას, არამედ იმ ადამიანთა მოსაზრებების მოსმენას, ვისაც ეს რეფორმა უნდა შეეხოს."
შეხვედრას თელავის #9 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ანა ბენაშვილიც ესწრებოდა.
-"მსგავსი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მასწავლებლისთვის.პირადად ვეცნობით იმ სიახლეებს, რაც უნდა განხორციელდეს. საშუალება გვეძლევა კითხვა დავუსვათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს და მივიღოთ კომპეტენტური პასუხი,"-გვითხრა მან და უცხო ენის გამოცდაში განსახორციელებელ ცვლილებაზეც ისაუბრა.
-"მოსმენის ნაწილს რაც შეეხება, ტექსტის სრულყოფისთვის წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა პრობლემაა, თუ რამდენად არიან მზად რაიონის სკოლები. როგორც ვიცი, წინა წლებში მათ არ ჰქონდათ მოსმენის საშუალება, თუ დღესაც ეს მდგომარეობაა და მხოლოდ მეთორმეტე კლასში დაიწყებენ ამ კუთხით მომზადებას, დაბალი შედეგი იქნება."
შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან, აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ჩააბარონ.Aამ საგნის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში I-IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.
ასევე, უცხო ენის გამოცდას დაემატება მოსმენის ნაწილი, რომელსაც 10 წუთი დაეთმობა. ტესტის ამ ნაწილის მაქსიმალური შეფასება 8 ქულით განისაზრვრება.
თამარ კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები