ინგა ბიტარაშვილი
15 ოქტომბერს გურჯაანს მეგობრული ვიზიტით ნებრასკას უნივერსიტეტის პროფესორი დეჰარნიში ეწვია. იგი უშუალოდ გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს ნანა ტატიაშვილს ესტუმრა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების დროს გაიცნო. ამერიკელ სტუმარს, გიმნაზიის სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ღონისძიება მოუწყეს.
მიმდინარე წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა კონკურსი, მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელშიც ევრაზიის ქვეყნების 600-მდე ინგლისური ენის პედაგოგი იღებდა მონაწილეობას. ამ პროგრამით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა აგრეთვე გურჯაანის გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნანა ტატიაშვილი.
"თებერვალ-მარტში ამერიკაში ვიყავი. ეს იყო მასწავლებელთა ტრენინგი, რომელიც 7 კვირა გაგრძელდა. აღნიშნული სწავლება პირადად ჩემთვის ძალიან პროდუქტიული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ჩემთვის ამ პროგრამით წასვლა აღარ შეიძლება, იმედი მაქვს, ამის შემდეგ კიდევ ვესტუმრები დეჰარნიშს და მის ლექციებს მოვისმენ," _ ამბობს `სპექტრთან~ საუბარში ნანა ტატიაშვილი.
მისივე განმარტებით, გარდა მასწავლებელთა ტრენინგებისა, არსებობს ფლექსის გაცვლითი პროგრამა, რომელიც მოსწავლეებზეა გათვლილი. აღნიშნული პროგრამით გურამ ჭილაშვილის სახელობის #4 საჯარო სკოლიდან აშშ-ში უკვე ხუთი მოსწავლე გაემგზავრა.
ამერიკელ სტუმარს საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში ჰქონდა კონფერენცია, საიდანაც ის თბილისში ჩამოფრინდა და სახელმწიფო უნივერსიტეტში საკუთარ კოლეგებს შეხვდა. მოინახულა გრემის ბავშვთა სახლი, რის შემდეგაც უკვე გურჯაანს ესტუმრა.
"ძალიან მიყვარს ქართველები და საქართველო. აქ უკვე მეხუთედ ვიმყოფები და გაოცებული ვარ თქვენი მასპინძლობით. ქართველი მასწავლებლები იმით გამოირჩევიან, რომ მოტივირებულები არიან კარგად ისწავლონ ინგლისური. ამ ტრენინგების გავლის შემდეგ, ვფიქრობ, პედაგოგები უფრო თავდაჯერებულები იქნებიან. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, 2011 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობას აუცილებლად გამოვუგზავნი მოთხოვნას, რათა ისევ განვახორციელო ეს პროექტი, რადგან, როგორც უკვე გითხარით, ძალიან მომწონს საქართველო. მე დავდიოდი სხვადასხვა ქვეყნებში და ვატარებდი ტრენინგებს, საქართველო კი მხოლოდ 2007 წელს აღმოვაჩინე, რის შემდეგაც აქტიურად ვთანამშრომლობ ამ ქვეყანასთან," _ გვითხრა დეჰარნიშმა.
ამერიკელი სტუმრის საპატივსაცემოდ გიმნაზიის სკოლის მოსწავლეების ინიციატივით ღონისძიება ჩატარდა. ნანა ტატიაშვილის განმარტებით, ამ ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სტუმარს დაანახონ, თუ როგორ აფასებენ შეერთებულ შტატებს მოსწავლეები და როგორ უყვართ ამერიკული ინგლისური.
მასალის გამოყენების პირობები