ლალი მეხრიშვილი
სპექტრი. უკვე წლებია, ქართულ მხარესა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციას (gtz) შორის პროექტის _ "კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი დეგრადირებული ლანდშაფტის რეაბილიტაცია საქართველოში"_ ფარგლებში პარტნიორობა მიმდინარეობს. პროექტის კოორდინატორი გერმანიის მხრიდან გახლავთ დიტერ მიულერი და გიორგი კოლბინი, ხოლო დედოფლისწყაროში _ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გელა თეთრაული.
პროექტის ფარგლებში დედოფლისწყაროს დელეგაცია გელა თეთრაულის ხელმძღვანელობით გერმანიაში იმყოფებოდა. მათ მოინახულეს ვისბადენის, მაინცის და ესენის ტერიტორიები, გაეცვნენ იქაურ ლანდშაფტებსა და მიიღეს რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში.თანმშრომლობის შედეგად ამ დღეებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წითელწყაროს საჯარო სკოლას 14 გერმანელი მოსწავლე ესტუმრა. შეხვედრის მიზანს გერმანელი და ქართველი ბავშვების გაცნობა-დამეგობრება წარმოადგენდა. გერმანელ მოსწავლეებს და სტუმრებს სოფელ წეთელწყაროს საჯარო სკოლის VIII კლასელი მოსწავლეები პედაგოგის ნელი ხარაზიშვილის ორგანიზატორობით გერმანულ ენაზე მომზადებული ღონისძიებით შეხვდნენ. "ერთი წლის წინ, გელა თეთრაულის ინიციატივით, ჩვენს სკოლას გერმანული მხარის წარმომადგენელი დიტერ მიულერი ეწვია. იგი ამ სკოლაში გერმანულის სწავლებით და ცოდნის დონით დაინტერესდა. გაჩნდა იდეა, ჩამოსულიყვნენ გერმანიიდან ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები და გაგვეცნო ჩვენი ბავშვებისათვის. და აი, ეს შეხვედრაც შედგა. ბავშვებს მოვამზადებინე პატარა კულტურული ღონისძიება, რამდენიმე გერმანული სიმღერა და ორივე ქვეყნის ჰიმნი," _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში ნელი ხარაზიშვილმა.
სტუმრებს გულთბილად მიესალმა წითელწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ლალი მენთეშაშვილი და აღნიშნა, რომ მოხარულია მათთან შეხვედრით. "ვფიქრობთ, დავმეგობრდებით და ეს შეხვედრა იქნება ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის დასაწყისი," _ განაცხადა ლალი მენთეშაშვილმა.
აქვე იმყოფებოდა გერმანული სკოლის დირექტორი, ბატონი ახიმ ვაკერი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მასპინძლობისათვის და ქართველი ბავშვების გერმანიაში მიწვევის სურვილი გამოთქვა.ამ შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ როგორც ქართველი, ისე გერმანელი მოსწავლეები. "სასიამოვნო ბავშვები არიან, მოვიხიბლე მათი მუსიკალობით. ჩანს, ქართველები კარგად მღერით, გერმანულის ცოდნითაც გავოცდით. საქართველოზე კარგი შთაბეჭდილება შემექმნა. ჩართული ვარ კლიმატის ცვლილებებისა და გლობალური დათბობის პროექტში და კარგად ვიცნობ ჩემი სამშობლოს ბუნებას, შედარებასაც ადვილად ვახდენ და ვხვდები, რომ ჩვენი და თქვენი ქვეყნის ბუნება ერთმანეთისაგან ბევრად განსხვავებულია. საქართველოს ფლორა და ფაუნით აღფრთოვანებული ვარ," _ გვითხრა X კლასის მოსწავლე მეთლერ მირკომ.
"ჩვენი სკოლის დირექტორმა, ბატონმა ვაკერმა კარგად დაგვიხასიათა საქართველო და ამის შემდეგ გაგვიჩნდა სურვილი წამოვსულიყავით თქვენს ქვეყანაში. ჩვენი ვიზიტი ათდღიანია და გული გვწყდება, რომ უკვე იწურება. ვიყავით ბათუმში, უფლისციხეში, ორი დღე დავყავით კახეთში, ამის შემდეგ კი ყაზბეგში ვაპირებთ ასვლას. ძალიან დიდი მადლობა ქართველებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტშია ჩართული და მათ, ვისაც დაებადა იდეა, რომ ჩვენთვის ეს სიამოვნება მოენიჭებინა," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში X კლასის მოსწავლე კატრინ ტროილიმ.
პროექტის შესახებ გვესაუბრა გერმანული მხარის კოორდინატორი დიტერ მიულერი. "ქართულ მხარესთან ხანგრძლივ თანამშრომლობას ვგეგმავთ და ამ ურთიერთობას არასოდეს გავწყვეტთ. გულთბილი ხალხი ხართ, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და იმ სითბოსთვის, რომელიც ჩვენს მიმართ გამოიჩინეთ."
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები ექსპედიციის ქართველ და გერმანელ ორგანიზატორებთან ერთად ნერგების დასარგავად `არწივის ხეობაში~ გაემგზავრნენ.
მასალის გამოყენების პირობები