საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლის ფილიალის დაწყებითი კლასის მოსწავლეები უკვე 2 წელია ყოფილი ამბულატორიის ხის შენობაში სწავლობენ. 4 ბავშვი ერთ მერხთან და კვლავ ცივი ზამთრის მოლოდინი, მშობლებს შვილების სკოლაში გაშვების სურვილს უკარგავს.
როგორც განათლების სამინისტროში განმარტავენ, ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია და საქმეს გენერალური პროკურატურა სწავლობს.
მუღანლოს დაწყებით სკოლაში მოზარდებს სწავლა გაუსაძლის პირობებში უწევთ. პატარა, ხის საკლასო ოთახებში 6-7 მერხზე მეტი ვერ იდგმება. თითოეულ მათგანთან 4 მოსწავლე გაჭირვებით ზის.
როგორც ჩვენთან საუბარში სკოლის მათემატიკის პედაგოგმა თელმან ისაევმა აღნიშნა, სივიწროვის და საჭირო ინვენტარის არარსებობის გამო, ბავშვებს მეცადინეობა ძალიან უჭირთ.
"უკვე 2 წელია, რაც ამ შენობაში გადმოვედით. ეს არის იორმუღანლოს საჯარო სკოლის ფილიალი, სადაც ბავშვები პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სწავლობენ. შენობაში სულ 10 პატარა ოთახია. კლასში თითო მერხთან 3-4 ბავშვი ზის. გვითხრეს, რომ ახალი სკოლა სექტემბრამდე უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ვერ მოასწრეს. მოვიდნენ და ნახონ რა პირობებში უხდებათ ბავშვებს ყოფნა. ეს სკოლა კი არა, ფერმაა,~"-გვითხრა მან.
როგორც ამავე სკოლის აზერბაიჯანული ენის პედაგოგმა შაჰლა ჯაფაროვამ აღნიშნა, ზამთარში, ამ ყველაფერთან ერთად, კიდევ ერთი პრობლემა ექმნებათ.
"თითო კლასში 32 მოსწავლე 7-8 მერხზე გვყავს გადანაწილებული. ამჟამად რამდენიმე აცდენს და ისინიც რომ მოვლენ, არ ვიცი სად უნდა დავსვა. ძალიან ცუდ დღეში ვართ.Mბავშვები იმდენად მჭიდროდ სხედან, რომ ვერც წერენ და ვერც მეცადინეობენ, ასეთ მდგომარეობაში სწავლა შეიძლება?! ეხლა კიდევ ზამთარი მოდის და `ფეჩი~ როგორ უნდა დავდგათ არ ვიცი,"-გვითხრა მან და იქვე დასძინა: "მუღანლოში სკოლა გვქონდა, ორი შენობა იყო, მაგრამ ერთი სიძველის გამო დაანგრიეს და ახლის აშენება დაიწყეს. სამწუხაროდ, საშველი ვერ დააყენეს და დღემდე ვერ დაასრულეს. იმ ერთ შენობაში ბავშვები რომ ვეღარ ეტეოდნენ, დროებით აქეთ გადმოვედით. თავადაც ხომ ხედავთ რა პირობებში გვიხდება სწავლა? იმედია, ვინმე მოგვაქცევს ყურადღებას."
თეიმან გაჯიევი, ამავე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა. როგორც მან გვითხრა, ყველა თანასოფლელის და მათ შორის, მისი სურვილიც არის, რომ ნორმალურ პირობებში ისწავლოს. "როგორც სხვა სკოლებშია, მინდა ჩვენც მერხთან ორ-ორი ვისხდეთ. ოთხნი ვზივართ და ერთმანეთს ხელს ვუშლით, კარგად ვერ ვწერთ. გვინდა, ახალ სკოლაში ვისწავლოთ, და კიდევ სპორტული მოედანი გვქონდეს, რომ ბურთი ვითამაშოთ."
ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მუზამბარ იბრაგიმოვმა აღნიშნა, რომ სწავლისთვის ასეთი შეუსაბამო პირობების გამო ბავშვის სკოლაში გაშვების სურვილიც კი აღარ აქვს.
"უკვე ორი წელია ჩვენი შვილები ასეთ გარემოში სწავლობენ. შენობა ხისაა და ზამთარში ბავშვები ძლივს თბებიან. მართალია, ლამბალოს სკოლის მოსწავლეებიც პატარა ოთახებში არიან, მაგრამ თითო მერხთან 3-4 ბავშვი მაინც არ ზის. ზოგიერთ კლასში სკამებიც არ არის საკმარისი და ერთ სკამზე ორი ბავშვი ჯდება. დაწერით ვერ წერენ და სწავლით ვერ სწავლობენ, რისთვისღა უნდა ვატარო სკოლაში, არ ვიცი."
საკითხის გასარკვევად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დავუკავშირდით. როგორც აღნიშნულ უწყებაში განმარტეს, მუღანლოს სკოლის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ბაღდათ რემ მშენი" ახორციელებდა, თუმცა სამუშაოები დროებით შეჩერებულია.
"შპს "ბაღდათ რემ მშენ"-s სამუშაოები ახალი სასწავლო წლისთვის უნდა დაემთავრებინა. ვალდებულება ჰქონდათ თანამედროვე სტანდარტების შენობა აეშენებინათ. შემდეგ მუშაობა მოულოდნელად შეწყვიტეს. 2013 წლის მაისში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მშენებლობა დაათვალიერეს და აღმოჩნდა, რომ პროექტი სხვა იყო და სამუშაოები სულ სხვა მიმართულებით მიმდინარეობდა. გამოიკვეთა ფინანსური დარღვევები და საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცა. ამჟამად, სკოლაში სამხარაულის ექსპერტიზა მუშაობს. არკვევენ რა ხარისხით არის სამუშოები შესრულებული, რამდენად მყარი და ბავშვებისთვის უსაფრთხოა შენობა და შესაძლებელია თუ არა იქ სწავლის დაწყება. ჩვენ გვინდა აშენდეს თანამედროვე ტიპის შენობა, სადაც მოსწავლეები საუკეთესო პირობებში გააგრძელებენ სწავლას."
როგორც განათლების სამინისტროში განმარტეს, ამჟამად ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან. ამის შემდეგ სახელმწიფო გამოყოფს თანხებს და გამოცხადდება ხელახალი ტენდერი.
ამავე უწყების ინფორმაციით, სკოლის მშენებლობა სავარაუდოდ მომავალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.
ასეთი პირობების მიუხედავად, მუღანლოს სკოლაში ბევრი ნიჭიერი და ბეჯითი ბავშვი სწავლობს.
მართალია, მათ არც სპორტული დარბაზი აქვთ და არც მოედანი, მაგრამ მაინც ლაღები და მიზანდასახულები არიან. იმედს არ კარგავენ, რომ ახლო მომავალში საყვარელი სპორტსმენების მსგავსად, ისინიც დიდ წარმატებებს მიაღწევენ.
სპექტრი აზერბაიჯანულ გამოცემაში მათ შესახებ პერიოდულად წერდა. გვინდა რამდენიმე მათგანი ქართველ მკითხველსაც გავაცნოთ.
ჰამზარ ომაროვი: "ძალიან მიყვარს ფეხბურთი. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ხოლმე. ჩემი კუმირი არის ზიდანი. მინდა, ფეხბურთი მასავით კარგად ვისწავლო."
ქანან თაზახანოვი: "სკოლაში ბიჭები ვთამაშობთ ხოლმე ფრენბურთს და ფეხბურთს. მინდა, სპორტის გაკვეთილები ხშირად გვქონდეს, რადგან ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა."
ქანან ქაზიმოვი: "ალბათ, ყველა ბიჭს უყვარს ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი. მათ შორის-მეც. ფიზკულტურა ყველაზე კარგი გაკვეთილია. მე ძალიან მიყვარს ფეხბურთელი მესი. მის თამაშებს ვუყურებ ხოლმე. ვაკვირდები რას როგორ აკეთებს."
შაბან ზეირანი: "წრეში ბურთი მიყვარს, კარგი თამაშია. განსაკუთრებით მიხარია, როდესაც ბურთს ვიჭერ და ქულებს ვიღებ ხოლმე."
აისევ ჯაფაროვა: "გოგონები ძირითადად წრეში ბურთს ვთამაშობთ ხოლმე. ასევე ფრენბურთი მიყვარს, მშვენიერი თამაშია, თანაც ეს ჯანმრთელობისთვისაც აუცილებელია."
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები