24 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ სოციალურად დაუცველ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
საუბარი იმ პროგრამას შეეხო, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო სოციალურად დაუცველ ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს სწავლას დაუფინანსებს.
-"ჩვენ შევხვდით სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მათ გავაცანით ის კატეგორიები, რომლის ფარგლებშიც დაფინანსებას მიიღებენ. სტუდენტები ორი მიმართულებით დაფინანსდებიან, როგორც ბაკალავრები, ასევე მაგისტრანტები. თუ ვინ მოიპოვებს დაფინანსებას 15 დეკემბრამდე გახდება ცნობილი," _ აღნიშნა რექტორის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილმა.
როგორც ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა შალვა ჭკადუამ აღნიშნა, მიმდინარე წელს სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასაფინანსებელი თანხა გაიზარდა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.
-"განათლება ის რესურსია, რითაც შეიძლება ქართული საზოგადოება ფეხზე დადგეს. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პროგრამის თანხა გაიზარდა. კატეგორიები გაწერილია რაოდენობის მიხედვით. უკმაყოფილება ყველა საკითხს თან ახლავს და რა თქმა უნდა, შეიძლება დაფინანსების გარეშე დარჩეს ზოგიერთი სტუდენტიც. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სამართლიანად გადაწყდება," _ გვითხრა მან.
ბიზნეს-ადმინისტრირების პირველი კურსის სტუდენტი ნიკა ნიჟარაძე სოციალურად დაუცველია და იმედი აქვს, რომ სახელმწიფო სწავლის გადასახადს დაუფარავს.
-"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა სტუდენტისთვის, სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს ზრუნვა თავის მოქალაქეებზე მისი ვალდებულებაა და სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, სწავლის გაგრძელების საშუალება მომეცემა," _ გვითხრა მან.
შეგახსენებთ, რომ 2013-2014 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს სანგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებლად 2 560 000 ლარია გამოყოფილი.
თამარ კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები