ინგა მამისაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლაში 1999 წლიდან მუშაობდა. მას შრომითი ხელშეკრულება სკოლის დირექტორმა 2012 წლის მაისში შეუწყვიტა. როგორც ინგა მამისაშვილი ამბობს, ამ ხნის განმავლობაში დირექტორი ავიწროებდა და სამსახურიდანაც უკანონოდ გაათავისუფლა.
სკოლის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე კი აღნიშნავს, რომ მამისაშვილი საშტატო განრიგის შემცირების გამო გათავისუფლდა და ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ ყოფილა.
ინგა მამისაშვილი „სპექტრთან“ საუბარში მისი გათავისუფლების დეტალებს იხსენებს.
-„1999 წლიდან მუკუზნის საჯარო სკოლაში საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლად ვმუშაობდი. შემდეგ ეს საგანი გაუქმდა და წლების განმავლობაში ისტორიას და სამართალს ვასწავლიდი. 2005 წლიდან კი სკოლის ბიბლიოთეკარად დავიწყე მუშაობა. 2007 წელს მუკუზნის საჯარო სკოლაში დირექტორად მაია სიდამონიძე მოვიდა. ამ პერიოდში საქართველოს ისტორიას და სამართალს ვასწავლიდი. ასევე შეთავსებით ვასრულებდი ბიბლიოთეკარის მოვალეობასაც. 2010 წელს მაია სიდამონიძემ საათებიც ჩამომართვა და სადამრიგებლო კლასიც. 2012 წლის 18 მაისის ბრძანებულების საფუძვვველზე კი, სამსახურიდან გამათავისუფლა,“ _ გვიყვება ინგა მამისაშვილი და იქვე იმასაც ამბობს, რომ მაია სიდამონიძე პედაგოგებს მის წინააღმდეგ განაწყობდა.
-„თავდაპირველად, როდესაც საათები ჩამომართვა მივხვდი, რომ თავი უნდა დამეცვა, ამიტომ კახეთის გუბერნიაში შევიტანე განცხადება. მაშინ მაია სიდამონიძემ ასეთი დასკვნა გააკეთა, რომ მოსწავლეთა სიმცირის გამო ვერ ვაძლევთ ინგა მამისაშვილს საათებსო. როდესაც მიხვდა უბრძოლველად არ გავჩერდებოდი, ერთ-ერთ პედაგოგს, რომელიც ჩემს ღია გაკვეთილს დაესწრო, უთხრა, რომ უარყოფითად შევეფასებინე. თუმცა ამ მასწავლებელმა ეს არ გააკეთა.“
მამისაშვილი იმასაც ამბობს, რომ სკოლის დირექტორმა დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ხელშკრულების ვადის გასვლამდე უკანონოდ გაათავისუფლა. „ხელშეკრულებაში წერია, რომ დირექტორს ვადაზე ადრე პედაგოგის გათავისუფლება არ შეუძლია. ამ მუხლების მიხედვით, ამის უფლება ზემდგომ თანამდებობის პირებსაც არ აქვთ. ხელშეკრულება ყოველ წელიწადს ერთი წლის ვადით იდება.“
2012 წლის 18 მაისით დათარიღებულ ბრძანება #1_კ 44-ში ნათქვამია, რომ ინგა მამისაშვილთან შრომითი ხელშეკრულება „საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად“ უნდა მოიშალოს. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მაია სიდამონიძე მას პირადი კონფლიქტის გამო დაუპირისპირდა. თუმცა მან ამ თემის გასაჯაროება არ ისურვა. მისი თქმით, სკოლის დირექტორი ასევე ინგა მამისაშვილის შვილს ამავე სკოლის მოსწავლეს თამარ უზუნაშვილს ზღუდავდა. კერძოდ, მისი ძალისხმევით ბავშვს სემესტრული ქულები დააკლეს, რათა სამინისტროსგან საჩუქრად კომპიუტერი არ მიეღო.
-„ჩემს შვილს, თამარ უზუნაშვილს მაია სიდამონიძემ რუსულ ენასა და ლიტერატურაში ბოლო პერიოდში 10 შვიდიანი დაუწერა, რომ კომპიუტერი არ მიეღო. ეს განათლების სამინისტროს შევატყობინე და თამარს კომპიუტერი გადასცეს. თუმცა ამან ბავშვზე ძალიან იმოქმედა, იძულებული გავხდი, ველისციხის საჯარო სკოლაში გადამეყვანა,“ _ ამბობს ინგა მამისაშვილი.
როგორც სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიდამონიძე აცხადებს, საშტატო ერთეულის გაუქმება მასზე არ იყო დამოკიდებული.
-"გასული წლის მაისში ახალი საშტატო განრიგი მომივიდა, ბიბლიოთეკარის შტატი აღარ დაუშვეს, რადგანაც მცირეკონტინგენტიანი სკოლაა. მე ამის შესახებ პასუხი გენინსპექციასაც გავეცი. ინგა მამისაშვილს უნდოდა შემდეგ სარჩულად დაედო, თითქოს პოლიტიკური ნიშნით მოხდა მისი გათავისუფლება. მას მაშინაც წერილობით უპასუხეს, რომ ეს შტატების შემცირების საფუძველზე მოხდა. ამ ყველაფერს დასასრული ხომ უნდა ჰქონდეს.Gგასულ კვირას კიდევ გავუგზავნე ბრძანების ამონაწერი. ვიდრე ერთი პასუხი მიუვიდა, მეორე წერილი მომწერა. ისევ მთხოვს ბრძანების ამონაწერს. ეს მხოლოდ შტატების შემცირების საფუძველზე მოხდა და არა ინგას მიმართ ჩემი პირადი დამოკიდებულების გამო."
კითხვაზე, თუ ვინ ადგენს სკოლის საშტატო განრიგს დირექცია, თუ განათლების სამინისტრო, მაია სიდამონიძემ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
ამის შესახებ კომენტარი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების (სპმთპ) გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნელი ჯანელიძემ გააკეთა.
-"საშტატო განრიგის შედგენა სამინისტროსთან შეთანხმებით ხდება. სამინისტრო ამტკიცებს ამ განრიგს და შემდეგ ამის მიხედვით ხდება უკვე ხელფასების გაცემა. ეხლა ახალი მთავრობა იძლევა პირობას, რომ სკოლის დირექტორები თავად განახორციელებენ ნამდვილად იმ მენეჯერულ ფუნქციებს, რაც საჭიროა. ხელფასებია ეს, საშტატო განრიგი თუ სხვა. ყველამ ვიცით, რომ ეს ასე არ ხდებოდა. იქიდან მოდიოდა რეკომენდაციები და ყველა დირექტორი ვალდებული იყო შეესრულებინა. ეს სიტყვიერი რეკომენდაცია წერილობითი ბრძანების ტოლფასი იყო. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში იყვნენ მცირეკონტინგენტიანი სკოლები, რომლებიც გაუქმების საშიშროების წინაშე იდგნენ. დირექტორები პრეტენზიას ვერც გამოთქვამდნენ, რომ შტატები და ხელფასები გვინდაო. ნახევრად დოტაციაზე იყვნენ. როდესაც ფინანსური რესურსები არ გაქვს, ვერც ბევრ პრეტენზიას წამოაყენებ. საქართველოს მასშტაბით ვერც ერთი მცირე კონტინგენტიანი სკოლის დირექტორი ვერ შეძლებდა, რომ ბიბლიოთეკარიც ჰყოლოდა და სხვა კიდევ დამატებითი შტატებიც დაეშვა," _ გვითხრა ნელი ჯანელიძემ.
მისივე თქმით, პროფკავშირი მზად არის ინგა მამისაშვილს და მის მსგავსად სამსახურიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მხარში დაუდგეს და გამოსავალი ერთად მონახონ. ნელი ჯანელიძე მიიჩნევს, რომ 38-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით საჯარო სკოლებიდან პედაგოგების გათავისუფლება ერთი კონკრეტული სკოლის კი არა, სისტემური პრობლემა იყო.
-"მინდა, აურზაური კი არ ავტეხოთ, პრობლემა გადავჭრათ. ამჟამად განათლების სამინისტროსა და ცენტრალურ პროფკავშირებს ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, რომ ეს შესაძლებელია. ასე რომ, თუUრამე საშუალება არსებობს, წერილს გავაგზავნი. პროფკავშირები ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გათავისუფლებულ პედაგოგებს ვუშუამდგომლოთ. ერთად მოვძებონოთ გამოსავალი! იქნებ მცირერიცხოვან სკოლებში შტატები დაემატოს, ან დაფინანსების ახალი ფორმულა შემუშავდეს. ინგა მამისაშვილს მეMამას ვთავაზობ," _ აღნიშნა მან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელ მარეხ მგალობლიშვილის თქმით, ინგა მამისაშვილის საქმის შესახებ ინფორმაციას ფლობს. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული მუხლით გათავისუფლებულ თანამშრომლებს სასამართლოში თავის მართლება წლების განმავლობაში უჭირდათ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. თუმცა იურისტთა ასოციაციამ მამისაშვილს მაინც შესთავაზა დახმარება.
-"2012 წელს, მოქალაქე ინგა მამისაშვილმა მოგვმართა განცხადებით, რომ იგი გათავისუფლდა სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლიდან, სადაც ბიბლიოთეკრად მუშაობდა. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი პუნქტია მიჩნეული, რომელიც ხელშეკრულების მოშლას ითვალისწინებს. ეს იყო შრომის კოდექსში ძალიან ცუდი მუხლი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელს ყოველგვარი მიზეზისა და ახსნა-განმარტების გარეშეEშეეძლო შეეწყვიტა თანამშრომელთან ხელშეკრულება ვადაზე ადრე. სწორედ ეს მუხლი იქნა გამოყენებული ინგა მამისაშვილის მისამართით. მას კიდევ აქვს დრო მიმართოს სასამართლოს, რადგან შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ორი წლის ვადაში შეიძლება გასაჩივრება. როგორც ინგა მამისაშვილმა მითხრა, დოკუმენტაცია ბიბლიოთეკარის შტატის გაუქმების შესახებ ვერ მოიპოვა. ჩვენ შევთავაზეთ სამართლებრივი დახმარება. თუმცა ბევრმა საჯარო მოხელემ, ვინც ამ მუხლით გათავისუფლდა, სასამართლო დავის შემდეგ წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან სასამართლო თვლიდა, რომ ეს მუხლი სწორად იყო გამოყენებული. დღესდღეობით შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა და ამ პუნქტთან მიმართებაში სხვანაირი ჩანაწერი გვაქვს, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ ადამიანები უსაფუძვლოდ სამსახურის გარეშე აღარ დარჩებიან. როდესაც დასაქმებული მოსთხოვს დამსაქმებელს, რომ განემარტოს გათავსიუფლების მიზეზები, ეს უკვე გარკვეულ ვადაშია გაწერილი."
ინგა მამისაშვილმა "სპექტრთანაც" განაცხადა, რომ სკოლის დირექციას ბიბლიოთეკარის შტატის გაუქმების შესახებ ასლი მოსთხოვა. თუმცა ვერ მიიღო. მაია სიდამონიძემ კი გვითხრა, რომ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი საშტატო განრიგია, რომელიც მამისაშვილს ნანახი აქვს.
- "საშტატო განრიგი, რითიც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, არის დოკუმენტი, რის საფუძველზეც ხელფასები გაიცემა. მას ჰქონდა საშუალება ამ დოკუმენტს გასცნობოდა," _ აღნიშნა დირექტორმა.
მაია სიდამონიძე აცხადებს, რომ მისი მხრიდან ინგა მამისაშვილის შევიწროებას და მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება საათების გაუქმებას, სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ ქალბატონი ინგა გაკვეთილებს დროებით ატარებდა, სანამ ძირითადი მასწავლებელი შვებულებიდან დაბრუნდებოდა.
-"ერთი წლის განმავლობაში მქონდა იმისი საშუალება, რომ მისთვის რამდენიმე საათი მიმეცა, მაგრამ შემდეგ ძირითადი მასწავლებელი დაბრუნდა ხანგრძლივი შვებულებიდან ამის საშუალება დაMუკვე აღარ იყო. ეს იყო დროებით სკოლის შიდა ბრძანებით დარეგულირებული."
ინგა მამისაშვილის კიდევ ერთ ბრალდებას, მაია სიდამონიძის მიერ მისი შვილისთვის ქულების დაკლების შესახებ, სკოლის დირექტორმა ასე უპასუხა:
-"ამ საქმეს მსვლელობა მიეცა და დასრულდა განათლების სამინიტროში. სამინიტრომ, როგორც საჭიროდ ჩათვალა, ისეთი გადაწყვეტილება მიიღო. არ მინდა დაკონკრეტება, ინგა მამისაშვილისთვის უფრო ცუდი იქნება. თანაც ეს ბავშვი დღემდე ძალიან მიყვარს და არ მინდა მის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს," _ აღნიშნა მან.
გათავისუფლებული თანამშრომელი კი ამბობს, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას აუცილებლად შეეცდება. მისი თქმით, განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხათუნა დეკანოიძის სახელზე დაწერა. მოგვიანებით იგივე შინაარსის განცხადება უკვე გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა. სამინისტროდან კი პასუხად მიიღო რეკომენდაცია, მიემართა სასამართლოსთვის, რის გათვალისწინებასაც აპირებს.
მაია სიდამონიძეს უპირისპირდება მუკუზანში მცხოვრები თამარ მჭედლიშვილიც, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია. ის დირექტორს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
-„მე დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელი გახლავართ. 3 ივლისს იყო სამეურვეო საბჭოში რეგისტრაციის ბოლო დღე. შევიტანე განცხადება. როდესაც სახლში მივდიოდი დერეფანში მაია სიდამონიძე შემხვდა და მითხრა-ხომ დაწერე განცხადება მიბრძანდი, აქ ბირჟა არ მაქვს.“ ეს არის დირექტორი, რომელმაც არ იცის, მშობელს როგორ უნდა მიმართოს და ეთიკის ყველანაირ ნორმებს არღვევს. გარდა ამისა, განათლების სამინისტროს ორი კვირის განმავლობაში უნდა დაემტკიცებინა სამეურვეო საბჭოს წევრები. შემდეგ კი დირექტორს შეეტყობინებინა მშობლებისთვის სამეურვეო საბჭოს სხდომის დანიშვნის შესახებ, მაგრამ ეს არ მოხდა. 7 ივლისს საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დამირეკა და მითხრა რომ 8-ში იყო სხდომა. მე თბილისში ვიმყოფებოდი და ვთხოვე, მომდევნო დღისთვის გადაედოთ. ყველა თანახმა იყო, მაგრამ დირექტორმა უარი განაცხადა და თქვა, რომ ჩემი დასწრება აუცილებელობას არ წარმოადგენდა. რა თქმა უნდა, მაინც ჩამოვედი და დავესწარი. ამის შემდეგ მივმართე დირექტორს განცხადებით აეხსნა, რატომ ერეოდა საბჭოს ვალდებულებებში, მაშინ როცა სხდომის დანიშვნა ჩვენ უნდა განგვესაზღვრა. მისი პასუხი იყო „გაეცანი დებულებას სამეურვეო საბჭოს არჩევის და რეგისტრაციის შესახებ.“ მასში კი გარკვევით სწერია, რომ სამეურვეო საბჭოს პირველ სხდომას ნიშნავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. მე ვფიქრობ, რომ დირექტორი პიროვნულად მიპირისპირდება,“ _ გვითხრა მან და მაია სიდამონიძის მისდამი ასეთი დამოკიდებულების სავარაუდო მიზეზიც განმარტა.
-„პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. როდესაც ვთხოვე სკოლაში ჩემთვის ინგლისურის საათები მოეცა, უარი მითხრა. დედაჩემთან აქვს პიროვნული დაპირისპირება და ამის გამო. არადა, იყო იმის საშუალება, რომ რამდენიმე საათი მოეცა, რადგან სკოლაში ინგლისურის ორი პედაგოგია, თუმცა სერტიფიცირებული არც ერთი არ არის. მე ჩავაბარე გამოცდები და სერთიფიკატიც მაქვს მიღებული. მაგრამ პრინციპულად აცხადებს, რომ ეთერის (დედა) შვილს სკოლაში არ მიიღებს სანამ თვითონ არის დირექტორი.“
მუკუზნის საჯარო სკოლის დირექტორი მაია სიდამონიძე განმარტავს, რომ ამ ადამიანებთან არანაირი პირადი კონფლიქტი და დაპირისპირება არ აქვს. მისი თქმით, ინგა მამისაშვილი და თამარ მჭედლიშვილი მის წინააღმდეგ უსაფუძვლო ინტრიგებს მიმართავენ და დირექტორთა გამოცდების წინ მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
-"თამარ მჭედლიშვილმა სადღაც კოლეჯში იმუშავა და რაღაც სერტიფიკატი აიღო. შემდეგ ცოტა ხანს ჩვენთანაც მუშაობდა, როდესაც ჩემი მასწავლებელი დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა. რამდენიმე თვის განმავლობაში დროებით დადებული შრომითი ხელშეკრულებით მუშაობდა. მანაც იჩივლა მიმდინარე წელს აუდიტის სამსახურში. უამრავი დოკუმენტაცია, საშტატო განრიგი, მისი ხელშეკრულების ასლები გადავუგზავნე. მაინტერესებს, ძირითადი მასწავლებლები რომ გამეთავისუფლებინა და საათები მაგათთვის მიმეცა, მაშინ სხვების უფლებებს არ დავარღვევდი?!" _ ამბობს ის და იქვე განმარტავს, რომ მჭედლიშვილს სკოლის შენობის დატოვებისკენ ეთიკის ფარგლებში მოუწოდა.
-"სამეურვეო საბჭოს სხდომის შესახებ ჩვენმა პედაგოგებმა გადააფრთხილეს საბჭოს წევრები, მათ შორის თამარ მჭედლიშვილიც. ის თბილისში იმყოფებოდა და ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. ვუთხარი არ არის პრობლემა, თუUვერ ჩამოხვალთ, თავმჯდომარის არჩევა ხმის უმრავლესობით მოხდება-მეთქი. იქამდე, როდესაც სამეურვეო საბჭოს წევრების დარეგისტრირება მიმდინარეობდა, მოვიდა თამარ მჭედლიშვილი სკოლაში და იქ იყო დღის ოთხ საათამდე. კომისიის თავმჯდომარესთან იჯდა. მან სთხოვა, რომ ოთახი დაეტოვებინა, რადგან მუშაობაში ხელს უშლიდა. შემდეგ უკვე მე მომმართეს. ის იდგა დემონსტრაციულად და არ მიდიოდა. მას არ ჰქონდა დარეგისტირების მსურველთა გაკონტროლების უფლება და იქ რატომ უნდა ყოფილიყო? მან მითხრა, რომ არაკომპეტენტურად ვსაუბრობდი და გაარკვევდა ჰქონდა თუUარა იქ ყოფნის უფლება. ამ ყველაფერს არანაირი მსვლელობა არ მივეცი. შეურაცხმყოფელად თავად იქცეოდა," _ აცხადებს მაია სიდამონიძე.
მუკუზნის საჯარო სკოლის დირექტორისა და ყოფილი თანამშრომლის სადავო საკითხის ირგვლივ, "სპექტრი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციითაც დაინტერესდა, თუმცა აღნიშნული უწყებიდან ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები