გურჯაანის სპეც სკოლა-ინტერნატის აღდგენის საკითხი საზოგადოებისთვის კვლავ პრიორიტეტულია. ამ თხოვნით პედაგოგებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობით მიმართეს, თუმცა პასუხს დღემდე ელიან. მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, სწორედ ამ პასუხზეა დამოკიდებული, აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით მომავალში რა ღონისძიებებს გაატარებს.
დაწესებულება, რომელიც 32 წლის განმავლობაში თავის დანიშნულებას წარმატებით ასრულებდა, დღეისათვის სავალალო მდგომარეობაშია. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ყოფილ პედაგოგებს იმედი გაუჩნდათ, რომ მათი ოცნება ახდება და 2 წლის წინ გაუქმებული სკოლა-ინტერნატი თავის პირვეანდელ ფუნქციას დაიბრუნებს. მათ დახმარების თხოვნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილობით მიმართეს.
-"განათლების სამინისტროში წერილი დეკემბერის თვეში გადავაგზავნეთ, საიდანაც მოგვივიდა პასუხი, რომ ის განსახილველად გადაეცა საჯარო სკოლების ოპტიმიზაციისა და დეოპტიმიზაციის საკითხთა განმხილველ კომისიას. მათივე განმარტებით, ეს პროცესი სამი თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ჩვენ ასევე გავაგზავნეთ იმ პედაგოგების ხელმოწერები, რომლებსაც სკოლის პირვანდელი ფუნქციის აღდგენა სურთ. როდესაც სამი თვე გავიდა და პასუხი არ მოვიდა, გადავწყვიტეთ, დაგვერეკა. სატელეფონო საუბარში გვითხრეს, რომ განხილვის პროცესი უკვე დაწყებულია. როდის რა იქნება არ ვიცით. პასუხს ჩვენც მოუთმენლად ველოდებით. წერილში მივუთითეთ ასევე, რომ ბენეფიციარების უმრავლესობა ქუჩაშია დარჩენილი. მოგეხსენებათ, ჩვენს სკოლა-ინტერნატში ისეთი ბავშვები სწავლობდნენ, რომლებსაც
ინდივიდუალური მიდგომა სჭირდებათ. ისინი სხვადასხვა სკოლაში კი გადანაწილდნენ, მაგრამ ახალ გარემოს ვერ ეგუებიან. იმედს ვიტოვებთ, რომ ეხლა მაინც მოგვაქცევს ვინმე ყურადღებას და სკოლა თავისი ფუნქციით აღდგება," _ გვითხრეს პედაგოგებმა.
მათივე თქმით, ახლანდელი გამგებელი სკოლის ბედით დაინტერესებულია და ყველანაირად ეხმარებათ. ამჟამად
შენობა და ეზო სავალალო მდგომარეობაშია. როგორც პედაგოგები განმარტავენ, თავის დროზე იქ დარაჯი რომ დაენიშნათ, ეს სიტუაცია არ იქნებოდა.
გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნატი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო და 2012 წლის 27 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადმოეცა.
გამგებლის ჯონი ოსიაშვილის თქმით, სკოლა-ინტერნატის გაუქმება ვინმე კონკრეტული პიროვნების ინტერესით არ მომხდარა, ეს იყო სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას ითვალისწინებდა. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში განათლების მინისტრთან შეხვედრას გეგმავს, რის შემდეგაც გადაწყდება, თუ რა პროფილით აღდგება შენობა.
ჯონი ოსიაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ სკოლა-ინტერნატთან დაკავშირებით თავისი ხედვები გააჩნია.
-"ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნება, თუ დაწესებულებას ის ფუნქცია დაუბრუნდება, რაც წლების განმავლობაში ჰქონდა. ვაპირებ განათლების სამინისტროში ეს საკითხი დავაყენო. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, რომ თუ განათლების სამინისტროდან არ იქნება თანხმობა, მაშინ მოხუცთა თავშესაფარი გაგვეკეთებინა. მართალი გითხრათ, ჯერჯერობით ამ საკითხებზე ჩამოყალიბებული არ ვართ. ეს ყველაფერი იდეის დონეზეა.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შენობები გაძარცულია და სავარაუდოდ, კარგი შერემონტება და აღდგენა სჭირდება. ეს ყველაფერი კი თანხებთანაა დაკავშირებული," _ გვითხრა მან და აქვე დასძინა:
-"თვითონ შენობა კარგია, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი მოძველებულია, რემონტს ძალიან დიდი თანხები დასჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, ერთნაირად ვერ გაკეთდება. ვფიქრობ, ერთ-ერთი ფლიგელი მაინც რომ ავითვისოთ, სხვა ფლიგელები აღარ გაიძარცვება.
ალბათ, უახლოეს პერიოდში რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებთ."
როგორც ჯონი ოსიაშვილმა გვითხრა, ის ყოფილ პედაგოგებს უკვე შეხვდა და გაესაუბრა.
-"ყოფილ თანამშრომლებს ვურჩიე განათლების სამინისტროსთვის მიემართათ. თუ ისინი არაფერს გეგმავენ, მაშინ ჩვენ ვეცდებით ის ქონება, რომელიც წლების განმავლობაში ასე უმოწყალოდ იძარცვება, სხვანაირად განვკარგოთ. არ ვიცი ბოლოს რა კუთხით გადავიხრებით, ჩამოვყალიბდებით და შესაბამის სამსახურებსაც მივმართავთ. ისე კი, ჩემი აზრით, ჯობია ისევ სკოლა-ინტერნატის პროფილით მოხდეს მისი აღდგენა, რადგან უამრავი ბავშვია გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი, რომლებისთვისაც ეს დაწესებულება საუკეთესო ადგილი იქნება. იმედია, განათლების სამინისტრო დაინტერესდება ამ პრობლემით. პედაგოგებს მე ყველანაირად გვერდში დავუდგები".
გამგებლის თქმით, თუ შენობა ძველ პროფილს დაიბრუნებს, მაშინ ალბათ, ახალი ინვენტარის შემოტანა გახდება საჭირო. თუ განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას არ დათანხმდება, მხოლოდ გურჯაანის ბიუჯეტით საკითხის გადაჭრა შეუძლებელია. როგორც ჯონი ოსიაშვილი დაგვპირდა, პირადად იზრუნებს, რომ ინტერნატს დარაჯი დაენიშნოს, რათა შეწყდეს მისი ძარცვა და დაზიანება.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნატი კურორტ "ახტალის" ბაზაზე 1978 წელს ჩამოყალიბდა. მისი დანიშნულება ცერებრალური დამბლითა და პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენებით დაავადებული ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო კურსის ჩატარება და პარალელურად, ზოგადი განათლების მიცემა იყო.
სკოლა-ინტერნატმა
2010 წლიდან ფუნქციონირება შეწყვიტა, რის შედეგადაც 90 ადამიანი _ სამსახურის, 75 ბენეფიციარი კი საჭირო სამედიცინო მომსახურებისა და განათლების გარეშე დარჩა. იქ არსებული
ინვენტარი და წიგნადი ფონდი კი სხვადასხვა სკოლას გადაეცა.
მართალია, ამ დაწესებულების აღსაზრდელები საჯარო სკოლებში გადაანაწილეს, მაგრამ პედაგოგებისა და მშობლების თქმით, მათთვის შესაფერისი პირობები არ არსებობს.
ამჯერად ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ საკითხით, ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად, განათლების სამინისტროც დაინტერესდება.
როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა განმარტა, ამ ეტაპისთვის გურჯაანის სპეც. სკოლა-ინტერნატი სარეაბილიტაციო სიების ნუსხაში არ არის შეტანილი, რა იქნება მომავალში, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები