საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საატესტატო გამოცდების პირველი ეტაპი 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ჩატარდა, ხოლო მეორე ეტაპი 20 მაისიდან დაიწყება და 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოცდების ჩაბარების უფლება საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს აქვთ, რომლებსაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად, შესაბამის წელს სრული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.
გამსვლელი ბარიერი ყველა საგანში 5.5 ქულით განისაზღვრა.
წელს, გამონაკლისის სახით, საატესტატო გამოცდების ჩატარება სკოლებს დაევალათ. ეს გადაწყვეტილება გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო. მიმდინარე წლის სექტემბრიდან კი, საატესტატო გამოცდებს კვლავ გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.
რა შედეგებით დამთავრდა პირველი ეტაპი გურჯაანის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ამის გასარკვევად რესურსცენტრის უფროსს ლალი გაბიტაშვილს მივმართეთ.
-"საატესტატო გამოცდები გურჯაანის რაიონის 24 სკოლაში ჩატარდა, მარტო ჭერმის სკოლა დარჩა, იმის გამო, რომ იქ მე-12 კლასი არ არის. გამოცდებზე მონაწილეობა იმ ბავშვებმაც მიიღეს, რომლებმაც გასულ წელს ბარიერი ვერ გადალახეს და ასევე იმათაც, ვისაც ექსტერნად სურდა ჩაბარება. ეს პროცესი დადებითად შემიძლია შევაფასო.
წელს გარკვეული ცვლილებები იყო, საატესტატო გამოცდების უფლება სკოლებს ჰქონდათ მინიჭებული და ამ პროცესში გამოცდების ცენტრი არ ჩარეულა. ყველა სკოლას ჰქონდა უფლება ინდივიდუალურად განესაზღვრა გამოცდის ფორმა. ტესტსაც სკოლა ინდივიდუალურად ადგენდა," _ გვითხრა ლალი გაბიტაშვილმა.
მისივე თქმით, სიახლეა ისიც, რომ წელს გამოცდები 4+4 ფორმით ჩატარდა.
-"პირველ ნაწილში მოსწავლეებს _ ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის ჩაბარება მოუწიათ, ხოლო მეორე ნაწილში მათ ქართული-ენა და ლიტერატურის, ისტორიის, მათემატიკისა და უცხო ენის ჩაბარება მოუწევთ. თუ ბავშვი ჩაიჭრა, მას უფლება აქვს ხელმეორედ გავიდეს იგივე გამოცდაზე, ამიტომ სკოლებს მაისში ალბათ პირველი ოთხი გამოცდის განმეორებაც მოუწევთ. შემიძლია გითხრათ, რომ შარშანაც არ გვქონია ცუდი შედეგი," _ გვითხრა ლალი გაბიტაშვილმა.
რესურსცენტრის უფროსმა სხვა სიახლეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, შარშან ტესტების ბაზა საქართველოს მასშტაბით ერთნაირი იყო, წელს კი ყველა სკოლამ ინდივიდუალუირად შეადგინა. "ჩვენ ყველა სკოლაში შევდიოდით და ვაკვირდებოდით რამდენად ობიექტურად ტარდებოდა გამოცდები. შექმნილი იყო საპრეტენზიო კომისია, თუმცა არც ერთი საჩივარი არ შემოსულა. ასევე მუშაობდა საგამოცდო და შეფასების კომისიები. მოსწავლეების ნაწერები ამჟამად სკოლებში ინახება და დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ მივიდნენ და ნახონ," _ გვითხრა მან.
ლალი გაბიტაშვილის თქმით, გამოცდების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ჩაჭრილი ბავშვების რაოდენობა მინიმალურია, რადგან არც სკოლა და არც გამოცდების ცენტრი არ იყო ორიენტირებული, რომ მოსწავლეებს ბარიერი ვერ გადაელახათ. ქალბატონი ლალი შედეგებით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ მეორე ეტაპიც დამაკმაყოფილებელი იქნება.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები