გურჯაანის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო დაწესებულებებში, მენეჯერებს და პედაგოგებს ბოლო ორი თვის განმავლობაში ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმეს. პედაგოგები საჯარო კომენტარებს ერიდებიან, თუმცა პირად საუბარში ამის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
ადგილობრივი ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მასწავლებლების სამსახურიდან გათავისუფლებას არ აპირებს და მათ შიშის საფუძველი არ აქვთ. შვიდი წელია, რაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანება არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის (ააიპი) სტატუსითაა წარმოდგენილი. შესაბამისად, ააიპი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწსებულებების გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა თევდორაშვილი ამბობს, რომ მეორე თვეა ბაღების თანამშრომლებს ერთთვიან ხელშეკრულებებს უფორმებენ.
-"ჩვენი გაერთიანება არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობიდან ფინანსდება. ვინაიდან სუბსიდია ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება, აბსოლუტურად გამართლებული იყო ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. გასულ წელს 31 დეკემბერს გავიდა ერთწლიანი ხელშეკრულებების ვადა და უკვე პირველი იანვრიდან პირველ თებერვლამდე ერთი თვით გავაფორმეთ დოკუმენტაცია პედაგოგებთან. შემდეგ პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე 400 თანამშრომელს ისევ გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულებები. მგონია, რომ ეს მიზანშეწონილი არაა, მაგრამ ვფიქრობ, შრომის ახალი კოდექსი, რომელიც პროექტის სახითაა წარმოდგენილი და სავარაუდოდ პირველი მარტიდან შევა ძალაში, უკეთესად დაარეგულირებს ამ საკითხს. თუნდაც იმას რამდენით განისაზღვრება ხელშეკრულებების მინიმალური ვადა. მიმაჩნია, რომ პედაგოგებს სანერვიულო არაფერი აქვთ. ისინი, ვინც პროფესიონალები არიან და თავიანთ მოვალეობებს კარგად ასრულებენ, მუშაობას ისევ გააგრძელებენ და პრობლემა არ შეექმნებათ. თუ მცირე გადახალისება მოხდება, ეს ორგანიზაციისთვის აუცილებელიცაა," _ ამბობს ლელა თევდორაშვილი.
ერთთვიანი ხელშეკრულებები არ აკმაყოფილებთ ბაგა-ბაღების აღმზრდელებს და უკმაყოფილებას გამოთქვამენ. შიშობენ, რომ შესაძლოა სამსახურიდან გაათავისუფლონ. "სპექტრი" მათი აზრის მოსასმენად ქალაქის რამდენიმე ბაღს სტუმრობდა. თუმცა პედაგოგებმა საჯარო კომენტარებისგან თავი შეიკავეს.
-"წლების განმავლობაში ჩვენს საქმეს პირნათლად ვასრულებთ. ახლა კი იმ საფრთხის წინაშე ვართ, რომ შესაძლოა, სამსამხურის გარეშე დავრჩეთ. აქამდე ერთწლიანი ხელშეკრულებები გვიფორმდებოდა, რატომ შეიცვალა ეს პირობები? ყოველი თვის ბოლოს იმის შიში უნდა გვქონდეს, რომ ხელშეკრულება აღარ გაგვიგრძელდება?!" _ ამბობენ საბავშვო ბაღების აღმზრდელები. აღნიშნულის შესახებ კომენტარი სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გია ენუქიძეს ვთხოვეთ. მისი თქმით, ეს პროცესი ააიპი-ებში მიმდინარე რეორგანიზაციითა განპირობებული და პედაგოგების უმრავლესობა სამსახურს შეინარჩუნებს.
-"საერთოდ, ყველა ორგანიზაციაში კადრების ჩანაცლება, რეორგანიზაცია დაიწყო. ეს შემცირებები მეტ-ნაკლებად ყველგანაა. კონტროლზეა აყვანილი დამატებითი კადრები, მიწერილი თანამშრომლები რომ იყვნენ. ამიტომ უფორმდებათ ხელშეკრულებები ერთი თვით. კონკრეტული საკითხი იურისტებთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადაწყდა. რადგან სხვა ფორმა ვერ მოინახა, იურისტებმა ხელმძღვანელობას ასეთი რჩევა მისცეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღებში ოთხასამდე თანამშრომელია. მათგან ერთი პროცენტიც არ იქნება ბაღებიდან გათავისუფლებული, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ვინმე მიწერილი კადრია. რეორგანიზაცია მხოლოდ მათ შეეხებათ," _ აღნიშნა გია ენუქიძემ.
საქართველოს მოქმედი შრომის კოდექსის თანახმად, "შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობით ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით." როგორც იურისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, კანონი შესაცვლელია. იმედი აქვთ, რომ ახალი შრომითი კოდექსი ამ საკითხს დაარეგულირებს.
მასალის გამოყენების პირობები