ავტორიზაციის პროგრამაში პირველ ეტაპზე გურჯაანის სამი სკოლა ჩაერთვება
2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს ყველა სკოლამ უნდა
გაიაროს ავტორიზაცია. გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ პროგრამაში,
პირველ ეტაპზე, გურჯაანის სამი საჯარო სკოლა ჩაერთვება: სოფელ
გურჯაანის, კალაურის და ვეჯინის ივანე ბერიტაშვილის სახელობის საჯარო
სკოლები.
“წელს, პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია ავტორიზაციის პროგრამაში
სამი საჯარო სკოლა გურჯაანში. პროცესები ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
ექსპერტთა ჯგუფი უნდა შევიდეს სკოლებში და დაეხმაროს განაცხადის
მომზადებაში. არჩეული სკოლებია: კალაურის, სოფელი გურჯაანის და ივანე
ბერიტაშვილის სახელობის ვეჯინის საჯარო სკოლა. სახელმწიფო აკეთებს
ყველაფერს, რომ სკოლებს ჰქონდეთ სწორი მიმართულება, რის შემდეგაც
განაცხადს გააკეთებენ ავტორიზაციაზე,“-ამბობს Speqtri.ge-სთან
საუბარში დალი მინდიაშვილი.
მისივე განმარტებით, სკოლამ ამისათვის 500 ლარი უნდა გადაიხადოს, რაც
გონივრული თანხაა.
„რაც შეეხება საფასურს, სკოლამ უნდა ჩარიცხოს 500 ლარი. შემდეგ უკვე
იწყებს განაცხადის შევსებას. თუ სკოლა დეფიციტურია და არ შეუძლია ამ
თანხის დაფარვა, გადახდის ვალდებულებას სამინისტრო აიღებს თავის
თავზე.“
დალი მინდიაშვილის განმარტებით, თუ განაცხადის წარდგენისას მოხდა
დახარვეზება, სკოლას მისი გამოსწორების შესაძლებლობა ეძლევა.
„განაცხადის დახარვეზების შემთხვევაში, ათდღიანი ვადაა, რომ ეს
ხარვეზები გამოსწორდეს, ხოლო ავტორიზაციის პროცესში ერთწლიანი
გონივრული ვადა ეძლევა სკოლას იმისათვის, რომ ეს ხარვეზები
აღმოიფხვრას. ეს ემსახურება იმას, რომ შეიქნას სკოლისათვის ის პირობა,
რომ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული და სასწვლო გარემო ბავშვისათვის
იყოს სტანდარტებში ჩამჯდარი.“ - გვეუბნება დალი მინდიაშვილი.
მისივე განცხადებით, ავტორიზაციის პროცესი სკოლების დახურვას არ
გამოიწვევს.
მასალის გამოყენების პირობები