გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი უკრაინელი მოსწავლეა. მათგან ორი
სოფელ კოლაგის საჯარო სკოლის მეორე და მეოთხე კლასელია, ერთიც - სოფელ
ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლის მეორე კლასში დადის.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გურჯაანის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი SPEQTRI.GE-სთან
საუბრობს.
იგი აღნიშნავს, რომ სამივე უკრაინელი მოსწავლე საუბრობს ქართულ ენაზე
და სპეციალური პირობები არ ესაჭიროებათ.
“სოფელ კოლაგში - 2 , ხოლო სოფელ ზემო კაჭრეთის საჯარო სკოლაში ერთი
უკრაინელი მოსწავლე გვყავს.
ზემო კაჭრეთში მყოფი უკრაინელი მოსწავლე პაპის მოსახელეა, კიევში
დაიბადა. ზაფხულობით ჩამოდიოდა ხოლმე ბებია-პაპასთან სოფელში.
შესაბამისად, ქართული ენა იცის. ასევე არიან კოლაგის ბავშვებიც,
ქართველი მამა ჰყავთ და მათ ქართული არ უჭირთ,“ - აღნიშნავს ჩვენთან
საუბარში დალი მინდიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სამივე მოსწავლე უკრაინის მოქალაქეა და ქართულ
სკოლაში მათი ჩარიცხვის საფუძველი მხოლოდ დაბადების მოწმობა და
საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი გახდა.
„ეს ბავშვები არიან უკრაინის მოქალაქეები, უკრაინაში დაიბადნენ. ისინი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ მხოლოდ დაბადების
მოწმობისა და საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კარგად იმუშავა, რათა მათთვის
მიეცათ განათლების შესაძლებლობა. მხოლოდ ჩარიცხვის შემდეგ შემოწმდა ამ
ბავშვების თავსებადობა ქართულ საგანმანათლებლო პროგრამასთან,“ -
ამბობს დალი მინდიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები