გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სწავლება 15 სექტემბერს
დაიწყება.
როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი
მინდიაშვილი საინფორმაციო სააგენტო SPEQTRI.GE-სთან საუბარში ამბობს,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მზად არიან, 15
სექტემბრიდან ახალი სასწავლო წლის დასაწყებად.
მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდპანდემისთან დაკავშირებით, სკოლებს
კონკრეტული რეკომენდაციები არ მიუღიათ.
„კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებით ჯერჯერობით უწყებათა შორის
მიმდინარეობს შეთანხმებაზე მუშაობა. ამ დროისთვის ახალი
რეკომენდაციები არ მიგვიღია. მიმდინარე წელს რა და როგორ გვექნება,
ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სასწავლო წლის დაწყებამდე
მივიღებთ.
სკოლებში სადეზინფექციო საშუალებები, თერმომეტრები და პირბადეები
შემოტანილია,“ - გვეუბნება დალი მინდიაშვილი.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, გურჯაანის
მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში რეგისტრირებულია 615
პირველკლასელი.
„პირველკლასელთა კომპიუტერები გაცემულია, აიტი სპეციალისტები
ტვირთავენ პროგრამას, რათა 15 სექტემბერს პირველკლასელებს
კომპიუტერები მზად დახვდეთ. ასევე სკოლებზე გაცემულია 35 600-ზე მეტი
უფასო სახელმძღვანელო და მოსწავლის რვეული,“ - ამბობს დალი
მინდიაშვილი.
მისი განმარტებით, 2022 წლის ზაფხულში სარეაბილიტაციო სამუშაოები არც
ერთ სკოლაში არ ჩატარებულა არც „მუნიციპალური განვითარების ფონდის“
(მგფ) და არც „მილენიუმის“ პროგრამების ფარგლებში, თუმცა კონკრეტულმა
სკოლებმა, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ჩაატარეს გარკვეული
კოსმეტიკური სამუშაოები.
დალი მინდიაშვილი ამბობს, რომ სწავლის დასაწყებად ამ დროისთვის
არავითარი შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს.
„ტრანსპორტირების საკითხიც მოგვარებულია იმ სკოლებში, სადაც
მოსწავლეები ამ სერვისით სარგებლობენ. ჯერჯერობით ვერავითარ
შემაფერხებელ გარემოებას ვერ ვხედავთ,“ - ამბობს SPEQTRI.GE-სთან
საუბარში დალი მინდიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები