ეროვნული გამოცდიდან აბიტურიენტის მოხსნის 4 ფაქტი დაფიქსირდა-სოფო გორგოძე
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის
ინფორმაციით, გამოცდიდან წელს აბიტურიენტების მოხსნის
შემთხვევები დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ამ კვირაში საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში
მიმდინარეობს ხოლო აბიტურიენტთა გამოცხადების პროცენტული მაჩვენებელი
95%-ს შეადგენს.
„სამწუხაროდ, მაინც გვაქვს დაგვიანების შემთხვევები - ამ დრომდე
გვაქვს სულ 19 დაგვიანება.
ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა
გამოცდაზე.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, რომ საგულდაგულოდ გაეცნონ
საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რათა მსგავსი შემთხვევები
აღარ განმეორდეს.
ასევე გვაქვს გამოცდიდან მოხსნის 4 შემთხვევა. ერთი იყო ტელეფონის
ფარულად შეტანის გამო, მეორე დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო და იყო
კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პირი მისი ოჯახის წევრის
ნაცვლად ცდილობდა შეესრულებინა ტესტი.
მინდა გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება
იდენტიფიცირების გარეშე. ჩვენ გვყავს ძალიან კვალიფიციური პერსონალი
და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში.“
სოფო გორგოძის განმარტებით, ძირითადი საგამოცდო სესიები
აბიტურიენტებისთვის დასრულდება 22 ივლისს, თუმცა ის აბიტურიენტები,
რომელთაც მათემატიკა აქვთ არჩეული ერთ-ერთ სავალდებულო საგნად და
შემდეგი კვირის განმავლობაში ჩააბარებენ უცხოურ ენას, უკვე ორშაბათს
მორჩებიან გამოცდებს.
აღსანიშნავია, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს
დაუდასტურდებათ კორონავირუსი, დამატებით სესიაზე მიიწვევენ, თუმცა, ამ
ეტაპზე განრიგი ცნობილი არ არის.
ცნობისთვის, წელს ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულია 41 000-ზე
მეტი აბიტურიენტი. დღეს გამოცდა მათემატიკაში ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები