დღეს, 21 ივნისს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით,
სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლაში მასწავლებლების კონფერენცია გაიმართა.
პედაგოგებმა კონფერენციაზე მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის
საფუძველზე შექმნილი კომპლექსური დავალებები და წარმატებული პრაქტიკის
მაგალითები წარმოადგინეს.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი
მინდიაშვილის თქმით, კონფერენცია ზოგადი განათლების რეფორმის
ფარგლებში განხორციელებულ სასწავლო პროცესს, კერძოდ, წარმატებული
პრაქტიკის გაზიარებას ემსახურება,.
„ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ათი სკოლა იყო ჩართული „ახალი სკოლის“
მოდელში, ჯერ კიდევ, საპილოტე რეჟიმიდან, თუმცა დღეისათვის რეფორმაში
ჩართულია ფაქტობრივად ყველა სკოლა.
კონფერენციაზე პედაგოგებმა გამოიტანეს თავიანთი ნამუშევრები, კოლეგებს
გაუზიარეს წარმატებული პრაქტიკის მაგალითები და შედეგები.
წარმოდგენილი იყო სხვადასხვა საგნობრივი სექცია - ქართული ენა და
ლიტერატურა, უცხოური ენა, საზოგადოებრივი მეცნიერებები, ესთეტიკური
მიმართულება, საბუნებისმეტყველო დარგები, მათემატიკა და განათლების
განვითარების მდგრადობის მიმართულება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ექსპერტები, განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, ასევე
ქოუჩები,“ - ამბობს SPEQTRI.GE-სთან საუბარში დალი მინდიაშვილი.
მისივე თქმით, საუკეთესო პრეზენტაციების ავტორი პედაგოგები თბილისში
რეგიონულ კონფერენციას დაესწრებიან.
კახეთის რეგიონში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მათემატიკის კურიკულუმების დანერგვისა და განვითარების ექსპერტის,
ნინო ჭანტურიძის შეფასებით, კონფერენცია
მასწავლებლებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.
„მეტად მნიშვნელოვანი იყო, რომ მასწავლებლებმა ერთმანეთს
გამოცდილება გაუზიარეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ვარ განათლების მიმართულებით
კურიკულუმების დანერგვისა და განვითარების კახეთის ექსპერტი
მათემატიკის მიმართულებით, ამ სამი წლის განმავლობაში, აქტიურად
ვხვდებოდი მასწავლებლებს და მათთან ერთად ვქმნიდი რესურსებს. მესამე
თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა ძირითადად ორიენტირებულია იმაზე, რომ
მოსწავლეებმა სკოლაში შეძენილი თეორიული ცოდნა
გამოიყენონ ცხოვრებაში, რისთვისაც მათ ვამზადებთ.
ჩემი აზრით, ეს ნამდვილად შეუწყობს ხელს მოსწავლეებს იმიტომ, რომ, რაც
მოვიხილე პირადად, პრეზენტაციისა თუ სხვადასხვა ეტაპებზე, ნამდვილად
იყო ის, რომ ვხედავდით, ბავშვები, როგორი მოტივირებულები იყვნენ,
სიახლეს ნამდვილად კარგად შეხვდნენ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება წინ
გადადგმული ნაბიჯი „სწავლა სწავლებით“ განვითარებაში,“- გვეუბნება
ნინო ჭანტურიძე.
გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
უფროსი მასწავლებლის, მარინა ყალაბეგაშვილის შეფასებით, კონფერენციამ
მასწავლებლებს კიდევ ერთხელ დაანახა, რა შესაძლებლობები და უნარები
აქვთ მათ.
„კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საკუთარი თავი, ის, თუ რა
შესაძლებლობები გაგვაჩნია, რა უნარი გვაქვს და რა შეიძლება,
წარმოვადგინოთ ჩვენი ამდენი მუშაობის შემდეგ.
კონფერენცია იყო მეტად საინტერესო და ძალიან კარგად მიმდინარეობდა.
წარმოდგენილი იყო ყველა საგნის პედაგოგების მიერ კომპლექსური
დავალებების პრეზენტაციები.
პრეზენტაციის შემდეგ დაისვა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორი
კომუნიკაცია გვქონდა ბავშვებთან საგაკვეთილო პროცესში და როგორ
შევქმენით აღნიშნული პრეზენტაცია.
ჩემთვის ეს კონფერენცია იყო კიდევ ერთხელ დანახვა იმ ჭრილის, რომ
პედაგოგი აუცილებლად უნდა მუშაობდეს თავის თავზე და ბავშვებთან
კომუნიკაციაზე.
კომპლექსური დავალებები ბავშვებში ავითარებს, როგორც სწავლის
მოტივაციას, ისე შემდგომი უნარების გამომუშავებას და მოსწავლეები
მეტი ინტერესით ეკიდებიან საგანს,“ - გვეუბნება მარინა
ყალაბეგაშვილი.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა დაჯილდოება. მასწავლებლებს
შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები