პატარძეულის სკოლის მოსწავლე FLEX-ის პროგრამით ამერიკაში გაემგზავრება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძულის საჯარო სკოლის მეათე
კლასის მოსწავლე სალომე მოზაიძე flex-ის პროგრამის გამარჯვებულია. ის
2022-2023 სასწავლო წელს ამერიკაში ისწავლის.
სალომე გვეუბნება, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა პირველად
მიიღო.
"მსგავსი მასშტაბის პროექტში ჩართვა და შემდეგ გამარჯვება რეგიონში
მცხოვრები მოსწავლისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. ეს ახალი გამოწვევაა,
ახალი პროექტი და ახალი შანსი. შანსი უცხო კულტურის შეცნობისა.
მონაწილეობის მიღებისას, პირველ რიგში მთავარი მიზანი საკუთარი თავის
გამოცდა იყო, გამარჯვების შემდეგ ვხედავ, რომ პროექტი უნიკალურ
შანსებს მაძლევს პიროვნული განვითარებისა თუ გლობალური აზროვნების
ჩამოყალიბებაში. ასევე მაქვს მოლოდინი, რომ შევიძენ უდიდეს
გამოცდილებას, რომელიც სამომავლოდ შემამზადებს დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის და რაც მთავარია, ეს არის შესანიშნავი შანსი ინგლისური
ენისა თუ სხვა ცხოვრებისეული უნარების გაუმჯობესებისთვის.
პროგრამის თითოეული ნაწილი საკმაოდ რთული იყო. პროგრამის ფარგლებში
რამდენჯერმე მომიწია აპლიკაციების შევსება, ესეების დაწერა საკუთარ
თავზე თუ ფართომასშტაბიან, გლობალურ თემებზე, ასევე, ამერიკელ
დამკვირვებლებთან გასაუბრება. ყველაზე რთული ნაწილი ინგლისურის
ტესტები იყო. თუმცა დიდი მონდომების და მოტივაციის შემდეგ, ყველა
ნაბიჯი მარტივად დასაძლევი აღმოჩნდა,"- ამბობს სალომე speqtri.ge-სთან
საუბარში.
მას სურვილი აქვს, რომ უმაღლესი განათლება უცხოეთში
მიიღოს.
"flex პროგრამის საშუალებით სამომავლოდ შსაძლებელია გრანტის
მოპოვება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ პროგრამიდან მიღებული
გამოცდილება თვითრეალიზაციაში და დამოუკიდებლად ცხოვრებაში
გვეხმარება. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ უმაღლესი განათლების
მიღებასაც უცხოეთში გავაგრძელებ."
სალომეს ჯერ არ გადაუწყვეტია სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლას რა
მიმართულებით გააგრძელებს, თუმცა საკუთარ თავს უფრო სამედიცინო
სფეროში ხედავს.
მასალის გამოყენების პირობები