გურჯაანის "ტექნოპარკში", 2018-19-20 წლების, საჯარო სკოლის
კურსდამთავრებულების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართა.
გურჯაანის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, დალი
მინდიაშვილის განმარტებით, 2018-2019 წლებში გურჯაანის საჯარო
სკოლებში 51 ოქროს და 12 ვერცხლის მედალოსანი გამოვლინდა. 2019-2020
წლებში კი - 66 ოქროს და 6 ვერცხლის მედალი გაიცა.
რაც შეეხება 2020-2021 წლის კურსდამთავრებულებს, დალი მინდიაშვილის
თქმით, დაჯილდოება მაშინ გაიმართება, როდესაც სამინისტრო მათ კუთვნილ
მედლებს გადასცემს.
„ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ 2018-19 სასწავლო წელს და ასევე
2019-20 წელს წარჩინებით კურსდამთავრებულ მოსწავლეებს. მათი შეფასება
ხდება საშუალო საფეხურზე სამი წლის განმავლობაში მათ მიერ თითოეულ
კონკრეტულ საგანში მიღებული ქულების რაოდენობის მიხედვით. კერძოდ,
იმისათვის, რომ ოქროს მედალი აიღოს მოსწავლემ, აუცილებელია საშუალო
საფეხურზე ქულა, დამრგვალების გარეშე, იყოს 10. რაც შეეხება ვერცხლის
მედალის მფლობელს, შესაძლოა, რომ მას ჰყავდეს ცხრა ქულა და
აუცილებელია, რომ საშუალო საფეხურის ქულა იყოს 9, 8 მეათედი
დამრგვალების გარეშე. ფაქტიურად სამი წლის განმავლობაში, მათ მიერ
სასკოლო გარემოში შესრულებული სამუშაოს, თავიანთი აქტიურობის,
ინტერესებისა და მოტივაციის მიხედვით, ეს ბავშვები ღებულობენ ჯილდოს,
რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ ცხოვრების სხვა ეტაპზეც იყვნენ
წარმატებულები, კიდევ უფრო მეტი მოტივიზაცია გაუჩნდეთ, რომ გააგრძელონ
სწავლა და იყვნენ პროფესიონალები თავიანთ საქმეში.“
მედალოსნების შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად,
დაჯილდოება მაინც შედგა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში
ჩვენი ნაშრომი დაგვიფასდა და გადმოგვეცა ოქროს მედლები. მითუმეტეს,
რომ ეს ხდება პანდემიის პირობებში, “- განაცხადა ბაკურციხის საჯარო
სკოლის კურსდამთავრებულმა ოქროს მედლის მფლობელმა ანი
ბერიძიშვილმა.
მედალოსნების დაჯილდოება კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა.
აქვე შეგახსენებთ, რომ წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლების
დასამზადებლად გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა.როგორც
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში
განმარტავდნენ,
ტენდერის ჩაშლის სავარაუდო მიზეზი სახელმწიფო ვალუტის არასტაბილური
კურსი იყო, რის გამოც მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ნივთების
დამზადების სურვილი არცერთმა კომპანიამ არ გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები