გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია გაიხსნება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით,
ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის
თანამშრომლობით, გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული
აკადემია გაიხსნება.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, აკადემიის დაფუძნების ღონისძიებაში
მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ
ჩხენკელმა, ბასკეთის კულინარიის ცენტრის დირექტორმა ხოსე მარი
აიზეგამ, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს
მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და კავკასიის
უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
„გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიულ აკადემიას ვუყრით
საფუძველს. სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ აკადემია საქართველოს
მოქალაქეებს შესთავაზებს საერთაშორისო სტანდარტის პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ქართველებთან ერთად უცხოელი
სტუდენტებიც ისწავლიან. დარწმუნებული ვარ, ამ პარტნიორობის შედეგად
ჩვენი ახალგაზრდები შეძლებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას,
აკადემია კი თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის მხარის და,
ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში.
ჩვენი გუნდის მიზანი გახლავთ საქართველოს ყველა რეგიონში გვქონდეს
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიული სასწავლებლები,
რომლებიც ადგილობრივ მოთხოვნებს უპასუხებენ. 10-წლიანი გეგმის
პრეზენტაციაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს
პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას, გაცვლითი და ერთობლივი
პროგრამების განხორციელებას უცხოურ სასწავლებლებთან ერთად. დღევანდელი
ჩვენი შეკრების მიზეზიც ახალი სტრატეგიის ფარგლებში უკვე მიღწეული
შედეგის ერთ-ერთი დასტური გახლავთ – გურჯაანში საერთაშორისო
თანამშრომლობისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში ფუძნდება
უმაღლესი სტანდარტების პროფესიული სასწავლებელი.
როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის
ინიციატივით, პროფესიული განათლების სასწავლო პროცესში აქტიურად
ჩაერთვებიან უცხოელი მასწავლებლები, რაც საერთაშორისო სტანდარტით
სწავლებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი სწორედ პრემიერ-მინისტრის
ინიციატივას ეხმიანება, რადგან ახალ სასწავლებელში, ქართველ
მასწავლებლებთან ერთად, სასწავლო პროცესში ბასკეთის ცენტრის წამყვანი
სპეციალისტები ჩაერთვებიან.
ამგვარი ტენდენცია გაგრძელდება და ჩვენ საქართველოს მასშტაბით
სხვადასხვა სფეროში გვექნება ევროპული სტანდარტების შესაბამისი
კოლეჯები, რომლებიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს ხარისხიანი
განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს“,-განაცხადა მიხეილ
ჩხენკელმა.
მასალის გამოყენების პირობები