საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-12 კლასის
პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველები რეგისტრაციას 1-და
5 ივნისის ჩათვლით შეძლებენ. უკვე დადგენილია გამოცდების თარიღიც,
რომელიც 15 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განისაზღვრა.
გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი
შეესაბამება ან აღემატება მე-12 კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და
მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
რაც შეეხება განცხადსა და საჭირო დოკუმენტაციას, ექსტერნატის ფორმით
განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან
არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი,
რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, მას წარდგენს რესურსცენტრში
შემდეგი წესის დაცვით:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით მე-12 კლასის პროგრამის
დაძლევა, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში,
რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ
რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
გამოცდებზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია რესურსცენტრში
წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
ა)ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული
პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი
წარმომადგენლის განცხადება,რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნას
შემდეგი ინფორმაცია:
● ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და
საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული
ფოსტის მისამართი);
● მე-12 კლასში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით
დაძლევა სურს პირს;
● ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს
ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული,
სომხური);
● უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების
მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების
შემთხვევაში;
● ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის
ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლებისდაძლევის
მსურველს;
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების
მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი
საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი,
რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირს
დაძლეული აქვს წინმსწრები კლასი და ზოგადი განათლების საშუალო
საფეხურის მე-12 კლასში შემავალი საგნის/საგნების
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის
მიზნით:
●წინსმწრები კლასის დაძლევის თაობაზე ცნობას ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებები გასცემენ დისტანციურად, ექსტერნზე რეგისტრაციის
მსურველის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლის ელექტრონულ
მისამართზე გადაგზავნილი განცხადების საფუძველზე.
●ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება
აქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნონ
განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან რესურსცენტრის მიერ
დადგენილი წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად
ჩააბარონ რესურსცენტრის წარმომადგენელს. რესურსცენტრი 2 დღის ვადაში
დაუდასტურებს განმცხადებელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და
დოკუმენტაციის მიღებას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში,
განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ. რესურსცენტრი ექსტერნების
რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას
პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის
შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები