საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს ყველა
მოქალაქეს ერთი თვის განმავლობაში თავისუფალი წვდომა ეძლევა
ელექტრონული წიგნების ინტერნეტ-მაღაზია - lit.ge-ზე განთავსებულ
„პალიტრა L"-ისა და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" 2093 ელექტრონულ
წიგნზე.
„ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ასევე შექმნილი
ვითარების შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სახელმწიფოსა და
კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა და ის სოლიდარული პასუხისმგებლობა,
რაც ამ კომპანიებმა გამოიჩინეს. მინდა მადლობა გადავუხადო
ინტერნეტ-მაღაზია lit.ge-ს, „პალიტრა L"- სა და „ბაკურ სულაკაურის
გამომცემლობას" იმ შესაძლებლობისთვის, რომ ნებისმიერი ასაკის
მკითხველისთვის ხელმისაწვდომს ხდიან, როგორც მხატვრულ, ასევე
სამეცნიერო ლიტერატურას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ
პერიოდში, როდესაც არდადეგები არის გახანგრძლივებული და სასწავლო
პროცესი ქვეყნის ტერიტორიაზე დროებით შეჩერებულია. აქვე მინდა
ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო კერძო სექტორს, რომ სოციალური
პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში
მაქსიმალურად ჩაერთონ საზოგადოებისთვის სასარგებლო ღონისძიებებში", -
განაცხადა გიორგი სახოკიამ.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სოლიდარობის აქციას კიდევ ერთი
შეთავაზებით შეუერთდა. ვებგვერდი -
www.sulakauri.ge
ყველა მსურველს, ნაბეჭდი წიგნის საფასურის გადახდის შემდგომ, წიგნებს
საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიაწვდის. მასწავლებლებისა და
მოსწავლეებისათვის უკვე არსებულ პორტალზე:
www.sulakauri.edu.ge დარეგისტრირების შემდეგ კი,
მოსწავლეებს არდადეგების განმავლობაში შეეძლებათ უფასოდ გადმოიწერონ
ყველა სახელმძღვანელო და დამხმარე სასწავლო რესურსი, მათ შორის, აუდიო
რესურსი ქართულ და ინგლისურ ენებზე.
ინიციატივის ფარგლებში პალიტრა L-მა მოსწავლეებს უფასოდ შესთავაზა
პლატფორმაზე www.gudabooks.ge არსებული 200-მდე აუდიო წიგნი, რომელიც
ცნობილი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული.
Lit.ge -ზე განთავსებული ელექტრონული წიგნების ხელმისაწვდომობისთვის
საჭირო ინსტრუქცია
იხილეთ ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები