ნინო ალადაშვილი მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, სამ საგანში ემზადება,
ამბობს, რომ რეპეტიტორთან სიარულის გარეშე ეროვნულ გამოცდებზე მაღალი
ქულების მიღება გაუჭირდება, რადგანაც სკოლა მოსწავლეებს მისაღები
გამოცდებისთვის სათანადო ცოდნას ვერ აძლევს.
პროფესია უკვე არჩეული აქვს, იურისტი უნდა გამოვიდეს.
-„სკოლა გვაძლევს გარკეულ საბაზისო ცოდნას, თუმცა არა საკმარისს, რომ
ეროვნულ გამოცდებზე დამოუკიდებლად ჩავაბაროთ. ჩემ სანაცნობოში თითქმის
ყველა ემზადება იმისთვის, რომ კარგი შედეგი დადოს,“-ამბობს ნინო.
ნაზი მწარიაშვილმა ჩუმლაყის საჯარო სკოლა წელს დაამთავრა. ეროვნულ
გამოცდებზე უმაღლესი შედეგი აჩვენა და 100%-იანი დაფინასნება მოიპოვა.
ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ
მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. ამბობს, რომ რეპეტიტორთან
სიარულის გარეშე, მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით ამ შედეგის მიღწევას
ვერ შეძლებდა.
-„სკოლა არ გვაძლევს ანალიტიკური უნარების განვითარების
შესაძლებლობას. არადა ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ შაბლონური ცოდნა არ
მოგვეთხოვება. საქმე გვაქვს საგნების ნაკლებობასთან. სკოლაში უნდა
ისწავლებოდეს ფილოსოფია, ლოგიკა და ა.შ,“-გვეუბნება ნაზი.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი დალი
მინდიაშვილი კი ამბობს, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტი მავნე პრაქტიკაა და
აბიტურიენტების ნაწილი კერძო მასწავლებელთან სიარულის გარეშეც აღწევს
შედეგს.
განათლების საკითხების მკვლევარის სიმონ ჯანაშიას თქმით, გამოცდები
ერთგვარი შეჯიბრია და რეპეტიტორებთან სიარული აუცილებელია.
როგორც ის ამბობს, გამოცდების ოდენობა უნდა იყოს მინიმალური და
აბიტურიენტი სხვადასხვა კრიტერიუმებით ფასდებოდეს, უნივერსიტეტმა უნდა
გათვალისწინოს მოსწავლის მიღწევები სკოლაში თუ სკოლის გარეთ და ასევე
ისიც, თუ რა დაინტერესება აქვს აბიტურიენტს იმ პროგრამის მიმართ,
რომელზეც ირიცხება.
მასალის გამოყენების პირობები