2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი
დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
„ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილების
საფუძველზე საჯარო სკოლებში საატესტატო გამოსაშვები გამოცდები
გაუქმდა. აქედან გამომდინარე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-12 კლასის
მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრების რეჟიმი აღარ იმოქმედებს და
მათთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება.
წელს, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 30% და მეტის გაცდენის
გამო ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის პერიოდად 21-22 მაისი, ხოლო
საგამოცდო პერიოდად 23 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით განისაზღვრება.
ექსტერნატის გამოცდებისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია საჯარო სკოლის
მიერ ელექტრონულად განხორციელდება.
რაც შეეხება ექსტერნის გამოცდებს, როგორც ცნობილია ეროვნული სასწავლო
გეგმის თანახმად, თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო
წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი
საათების 30% და მეტი გააცდინა, ის მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის
ჩაბარების საფუძველზე ფასდება.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალი დასწრების პრაქტიკა 2012-2013 სასწავლო
წლიდან მოქმედებდა. გამომდინარე იქიდან, რომ შეფასებისა და გამოცდების
ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი გრაფიკით, სკოლის გამოსაშვები
გამოცდები სასწავლო წლის დასრულებისთანავე იწყებოდა, აუცილებელი
ხდებოდა გაცდენების ზღვრულ ოდენობაზე მეტის მქონე მოსწავლეების
ექსტერნატის წესით შეფასების პროცესი ამ დროისთვის დასრულებული
ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, სამინისტროს გადაწყვეტილებით მე-12
კლასელებისთვის, ყოველწლიურად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი სასწავლო
წლის დასრულებამდე ერთი თვით ადრე დაიშვებოდა და ამ პერიოდში მათ მიერ
გაცდენილი საგაკვეთილო საათები უკვე დაგროვილი გაცდენების რაოდენობას
არ ემატებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები