გურჯაანის მუნიციპალიტეტში სწავლა ექვსასამდე პირველკლასელმა დაიწყო
დღეს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ყველა
პირველკლასელს გადაეცა ახალი ნეთბუქები და სახელმძღვანელოები.
გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, 25 საჯარო
სკოლაში სულ შვიდიათასამდე მოსწავლე მივიდა, აქედან 600 - მდე
პირველკლასელია. გურამ ჭილაშვილის სახელობის მეოთხე საჯარო სკოლის
დირექტორის ნინო ნონეშვილის თქმით, წელს სკოლაში 54 პირველკლასელი
შევიდა.
„ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სასწავლო წელი მაქსიმალურად მომზადებულებს
დაგვეწყო. სახელმწიფომ იზრუნა იმისთვის, რომ ახალი სასწავლო წიგნები
მოემარაგებინა. წელს მშვიდობის კორპუსთან ერთად მოვიგეთ გრანტი და
გავაკეთეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინგლისურის კაბინეტი.
რაც შეეხება სასწავლო პროცესს, მაქსიმალურად ვეცადეთ დაგვეწყო
წარმატებულად, აბსოლუტურად მოტივირებული ვართ.“
საგანმანათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის
განმარტებით, სასწავლო წლის დასაწყებად, მოსწავლეებისათვის ყველანაირი
პირობებია შექმნილი.
„პირველ რიგში, ვულოცავ ყველა მოსწავლეს, პედაგოგს და მშობელს. წელს
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლემ მიიღო ახალი
სახელმძღვანელოები, რომელიც შეიცვალა როგორც შინაარსობრივად - ისე
ვიზუალურად. გარდა ამისა, ყველა სკოლაში აღჭურვილია ლაბორატორია,
კეთილმოწყობილია სპორტული დარბაზები. სასწავლო წელს სრულიად
მომზადებულები ვხვდებით.“
დალი მინდიაშვილის თქმით, დღეს გურჯაანში სამი ახლადგარემონტებული
სკოლა გაიხსნა.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და სწავლა განახლდა ვეჯინის,
კოლაგისა და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლებში. ეს სასწავლო
დაწესებულებები მილენიუმის პროექტის ფარგლებში გარემონტდა. “
მისივე თქმით, მომავალში გასაკეთებელია კარდენახის, ჭანდრისა და
მუკუზნის სკოლები. ამისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე
ჩატარებულია და ამჟამად პასუხის მოლოდინში არიან.
მასალის გამოყენების პირობები