მარინა პეტრიაშვილი
გურჯაანში რამდენიმე დღის წინ, კულტურის ცენტრის დარბაზში წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. ამ ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც კულტურის, განათლებისა და სოციალური განვითარების სამსახურის უფროსმა ნიკა ნიჟარაძემ აღნიშნა, ამ დღეს ის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრეს. "სასწავლო წელი დასრულდა და ის მოსწავლეები გამოვავლინეთ, რომლებმაც სკოლა ოქროსა და ვერცხლის მედალზე დაამთავრეს. ჩვენს რაიონში ასეთი სამი ბავშვია. დაჯილდოვდნენ აგრეთვე ისინი, რომლებმაც რაიონი ოლიმპიადაზე ასახელეს. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, გუბერნიასთან შეთანხმებით გადაწყვიტა მათთვის და მათი პედაგოგებისთვის ერთი ლამაზი საღამო მოეწყო და დაეჯილდოებინა," _ გვითხრა ნიკა ნიჟარაძემ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გურჯაანის რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი შედეგებით კმაყოფილია და წლევანდელ სასწავლო წელს დადებითად აფასებს. "ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ასეთი ტიპის ღონისძიებას, ანუ ეს არის შემაჯამებელი ანგარიში საზაოგადოებისთვის, თუ რა გავაკეთეთ მთელი წლის მანძილზე და რა წარმატებებს მივაღწიეთ. წელს განსაკუთრებით შედეგიანი წელი გვქონდა, იმიტომ, რომ გვყავს ბავშვი, რომელიც დასახელდა წლის საუკეთესო მოსწავლედ საქართველოს მასშტაბით. ოცეულში მოხვდა ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა. ამ ღონისძიების მხარდამჭერი და ხელმძღვანელია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო," _ გვითხრა გურჯაანის რესურსცენტრის უფროსმა ლალი გაბიტაშვილმა.
სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით ამ დღეს კულტურის ცენტრის დარბაზი გადაჭედილი იყო და რაიონებიდან ჩამოყვანილი პედაგოგების ნაწილი, ადგილების გარეშე დარჩა. ისინი რამდენიმე ხნის განმავლობაში ფოიეში იდგნენ, ხოლო ამაო ლოდინის შემდეგ, კულტურის ცენტრი განაწყენებულებმა დატოვეს.
მასალის გამოყენების პირობები