შესაძლოა მელაანის განახლებულ საბავშვო ბაღს მეორე ჯგუფიც დაემატოს
ლანა გულოშვილი
გასულ კვირას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგეობის თანამშრომლები რაიონის ბაღებში გამოსაშვებ ღონისძიებებს დაესწრნენ. 15 ივნისს ზეიმი სოფელ გურჯაანის, ჩუმლაყის, ბაკურციხის და მელაანის საბავშვო ბაღებში გაიმართა.
პატარების გამოსვლის შემდეგ სტუმრებმა აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით მესხიშვილმა `სპექტრთან~ ბაღებში ვიზიტის შესახებ ისაუბრა."დღეს გამგეობის თანამშრომლებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მოვინახულე რაიონის საბავშვო ბაღები, ცოტა ხნით დავესწარით მათ ღონისძიებებს და მცირე საჩუქრები გადავეცით. ძალიან მოგვაწონეს თავი. მიხარია, როდესაც ნიჭიერ ბავშვებს ვხედავ,"_ გვითხრა დავით მესხიშვილმა.
სოფელ მელაანის ბაღში ზეიმის დასრულების შემდეგ სტუმრებმა და მასპინძლებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მშობლებმა კი გამგებელსა და გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორს ლელა თევდორაშვილს მეორე ჯგუფის დამატება სთხოვეს. იმის გამო, რომ მელაანის საბავშვო ბაღში საკმარისი რაოდენობის აღსაზრდელები არ ჰყავდათ, 2007 წლიდან მხოლოდ ერთი, შერეული ჯგუფი ფუნქციონირებს. შემცირებაში მოჰყვა აღმზრდელიც. სწორედ ამ პედაგოგის დაბრუნებასა და ჯგუფის აღდგენას ითხოვენ მშობლები. როგორც მათ ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის 2-დან 3 წლამდე ასაკის 15 აღსაზრდელი დაემატება და შესაბამისად ჯგუფის შექმნაც საჭირო გახდება. ირმა ზირაქაშვილი სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. როგორც თვითონ ამბობს, სურვილი აქვს ბაგა გაიხსნას, რომ ახალი სასწავლო წლიდან შვილი ბაღში შეიყვანოს. "პირადად მე ძალიან მჭირდება, რომ ჯგუფი დაემატოს. პედაგოგი ვარ, 2 წლის ბავშვი მყავს და არ ვიცი ვისთან დავტოვო. ასეთ მდგომარეობაში მარტო მე არ ვიმყოფები, ამას ბევრი მშობელი ითხოვს. იმედია, ჩვენს სურვილს გაითვალისწინებენ," _ გვითხრა ირმა ზირაქაშვილმა.
მშობლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ლელა თევდორაშვილს იმ ბავშვების სია მიაწოდონ, რომლებიც სექტემბრიდან მელაანის საბავშვო ბაღში ჩაირიცხებიან. მათი თქმით, ერთი მასწავლებლისთვის რთულია შერეულ ჯგუფში სხვადახვა ასაკის მოსწავლეებთან მუშაობა. ამ მოსაზრებას პედაგოგებიც ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ 2012 წლიდან დანერგილი ახალი სასწავლო პროგრამის შემდეგ, სასკოლო ასაკის აღსაზრდელებისთვის, მეტი დროის დათმობაა საჭირო. ცენტრში მუშაობა თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად უნდა განხორციელდეს. როგორც გაერთიანების დირექტორმა ლელა თევდორაშვილმა გვითხრა, აღნიშნულის თაობაზე საქმის კურსშია, თუმცა აქამდე ჯგუფის დამატება ვერ ხერხდებოდა, ახლა კი შესაძლებელია."ეს პრობლემა ჩემთვის ცნობილია, თუმცა მისი მოგვარება წარმოუდგენელი იყო, რადგან იმ დროისათვის ჯგუფი ვერ ივსებოდა. ბოლო წლებში საბედნიეროდ შობადობის მაჩვენებელი გაიზარდა და სავსებით შესაძლებელია ახალი სასწავლო წლიდან ამ ბაღში ბაგის დამატება მოხდეს. სექტემბრისთვის განვიხილავთ საკითხს, რადგან აუცილებელი იქნება სახელფასო ფონდის გაზრდა, რაც უკვე საკრებულოს პრეროგატივაა," _ გვითხრა ლელა თევდორაშვილმა.
24 მაისით დათარიღებული მთავრობის განკარგულების საფუძველზე გურჯაანის მუნიციპალიტეტზე ინფრასტქრუტურული პროექტების განსახორციელებლად 2 700 000 ლარია გამოყოფილი. აქედან განათლების სფეროზე, კერძოდ კი მუნიციპალიტეტის ბაღების აღდგენით სამუშაოებზე 40 000 ლარი გადანაწილდა. რაც შეეხება სოფელ მელაანის საბავშვო ბაღს, ის 26 წლის წინ აშენდა და დღემდე სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ჩასტარებია. წელს შენობის აღდგენა-გარემონტება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ პრიორიტეტულ საკითხთა ნუსხაში მოხვდა და მის განახლებას 26 957 ლარი უნდა მოხმარდეს. ინფორმაცია დავით მესხიშვილმაც დაადასტურა. "ეს ბაღი ნამდვილად საჭიროებს შეკეთებას, ამისათვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილია საკმაოდ მოცულობითი თანხა, დაახლოებით 25 000 ლარი. სამუშაოებს სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან დავიწყებთ და სექტემბრისთვის ეს ბაღი თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს," _ განაცხადა დავით მესხიშვილმა. საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობა, პედაგოგები და მშობლები იმედს გამოთქვამენ რომ ახალი სასწავლო წლიდან განახლებულ ბაღს ბაგაც დაემატება.
მასალის გამოყენების პირობები