"პედაგოგი მოსწავლეს რამდენჯერმე ურტყავს წიგნს და კალამს ურჭობს ხელში“ - ძალადობის შესაძლო ფაქტი იორმუღანლოში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი
განათლების პედაგოგ თეა გურგენიძეს მეოთხე კლასის მოსწავლის ცემაში
ადანაშაულებენ.
როგორც speqtri.ge-ს საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის
ხელმძღვანელმა მანანა ცუცქირიძემ განუცხადა, აღნიშნული ფაქტი კამერამ
დააფიქსირა, მანდატურმა კი შესაბამისი ოქმი დაწერა. ჩანაწერში,
რომელიც დისციპლინური კომიტეტის წევრებმა უკვე ნახეს, ჩანს, რომ
მოსწავლეს პედაგოგი თავში წიგნს რამდენჯერმე ურტყავს, ხოლო შემდეგ
ხელზე კალამს არჭობს.
დღეს მეოთხე კლასის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი
მოთხოვნაა, არ გათავისუფლდეს პედაგოგი. ისინი საგაკვეთილო პროცესს არ
ესწრებიან.
-„აღნიშნული კადრი დირექტორის მიერ სკოლის დისციპლინურ კომიტეტს
გადაეცა . მიმდინარეობს მოკვლევა და თუ ფაქტი დადასურდება, შესაბამის
პედაგოგს ადმინისტრაციული სასჯელი ელოდება. ბავშვები, რომლებიც
აქციაზე დგანან და მათი მშობლებიც, მასწავლებლის დაცვას მოითხოვენ.
პირადად ჩემთვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის და ჯანსაღად მოაზროვნე
საზოგადოებისთვის, მიუღებელია ისეთი ადამიანის დაცვა, რომელიც ბავშვზე
ძალადობს. რაც შეეხება მოსწავლეთა მიერ გაკვეთილების გაცდენის ფაქტს,
ძალიან ცუდია, რომ ბავშვები ზარალდებიან. მშობლები მათ თავს ახვევენ
ცრუ ინფორმაციას. მოსწავლეებს გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ. თუ
დადასტურდება, რომ პედაგოგმა ბავშვი სცემა, ნამდვილად გათავისუფლების
ღირსია. ვიდეოკადრები ნახეს დისციპლინური კომიტეტის წევრებმა, სადაც
ნამდვილად დასტურდება, რომ რამდენჯერმე არტყავს წიგნს და კალამს
ურჭობს ხელში.“
აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით სკოლის დისციპლინური კომიტეტი დღეს
იმსჯელებს.
მასალის გამოყენების პირობები