განათლების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის სამწლიან სტრატეგიაზე მუშაობს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უსაფრთხო სკოლის სამწლიან
სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან დაინერგება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის
განმარტებით, უსაფრთხო სკოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი მანდატურის
როლის გაძლიერება და უსაფრთხოების დაცვის კონცეფციაა.
„ჩვენ, უსაფრთხო სკოლის კონცეფცია მოვამზადეთ ერთხელ 2013 – 2014
სასწავლო წელს, რომლის ფარგლებშიც მთელი რიგი ცვლილებები და
სხვადასხვა ღონისძიება განხორციელდა. დროა, რომ გადავხედოთ ამ
კონცეფციას, გადავახალისოთ, რადგან ძალიან ბევრი ამოცანა, რაც
დავსახეთ, დღეს უკვე შესრულებულია. ვდგავართ ახალი გამოწვევების
წინაშე. ამიტომ გადავხედეთ დოკუმენტს და ჩვენ ძალიან მალე მას საჯარო
განხილვისთვის გამოვიტანთ. “
მისივე ინფორმაციით, უსაფრთხო სკოლის სტრატეგია შემდეგი სხვადასხვა
მოქმედების განხორციელებას ითვალისწინებს:
• საგანმანათლებლო და პრევენციული აქტივობები, რომელსაც ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ სკოლებში უსაფრთხოება იყოს
დაცული.
• სასკოლო კულტურის გაძლიერებასთან დაკავშირებული სხვადასხვა
ამოცანების გადაჭრაა დასახული.
• ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პროგრამების განხორციელებას,
რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეებში ძალადობასთან (ბულიგთან)
დაკავშირებული სწორი დამოკიდებულების შექმნას.
• საინფორმაციო კამპანიების ჩატარებას იმ დამატებით სპორტულ და
საგანმანათლებლო აქტივობებზე, რომლებიც თავისუფალი დროის სწორ
მენეჯმენტში დაეხმარება თითოეულ მოსწავლეს.
• მშობლებთან კომუნიკაცია და ა.შ.
სტრატეგიის შემუშავების შემდეგ, სამინისტრო დოკუმენტს სავარაუდოდ,
თებერვლის ბოლოს, საჯაროდ განსახილველად გამოიტანს, რის შემდეგაც მას
მინისტრი დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები