2018 წლიდან საჯარო სკოლებში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით
ყველა სახელმძღვანელო იცვლება. -ამის შესახებ განცხადება განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ გააკეთა.
მისივე თქმით, ყველა სახელმძღვანელოს შეცვლა სახელმწიფოს 23 მილიონ
ლარამდე დაუჯდება.
„ცალკეა ინტელექტუალური საკუთრების კომპონენტი და ცალკე ბეჭდვა.
ტენდერი გამოავლენს ბეჭდვის ფასს, თუმცა საპროგნოზო ღირებულება 15
მილიონი ლარია; შეიძლება 12 მილიონიც იყოს. რაც შეეხება
ინტელექტუალური საკუთრების კომპონენტს, დღევანდელი გათვლებით, თუ
რაიმე ახალი წიგნი არ დაემატა, საავტორო უფლებებისთვის 6-დან 7 მილიონ
ლარამდე იქნება. ჯამში, 23 მილიონია ბიუჯეტში გათვლილი, აქედან 1
მილიონი ლოჯისტიკისთვისაა გათვალისწინებული, 10 მილიონზე მეტი წიგნი
იქნება სკოლებში დასარიგებელი“, – აცხადებს მურღულია.
როგორც მურღულიამ აღნიშნა, წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი
სახელმძღვანელოების სირთულიდან გამომდინარე დადგა, თუმცა, რა
ცვლილებები იქნება წიგნის შინაარსობრივ ნაწილში, მინისტრის მოადგილეს
არ დაუკონკრეტებია.
„რა ცვლილებები შევა წიგნში, ეს ავტორის გადასაწყვეტია. ეროვნული
სასწავლო გეგმა განსაზღვრავს, რა მოთხოვნებია სწავლის პროცესში და ეს
მოთხოვნები ძალიან ბევრია. პირველიდან მე-6 კლასამდე შევცვალეთ
სწავლის მოდელი, დამოკიდებულება – ეს არ უნდა იყოს ტანჯვის წლები
ბავშვისთვის, ეს უნდა იყოს სწავლა თამაშის პარალელურად, ამიტომ
მოთხოვნები ხარისხის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. სახელმძღვანელოები
იქნება გაცილებით მარტივი, ახლა რთულია. როცა ამოცანა იმდენად რთულია,
რომ ვერასოდეს ვერ წყვეტ, ინტერესს აკარგვინებს ბავშვებს.
მათემატიკისადმი ძალიან ბევრი ინტერესდაკარგული ბავშვი გვყავს,
მათთვის ტანჯვა იყო მათემატიკა და არა სიამოვნება“, – ამბობს
მურღულია.
რაც შეეხება წიგნის წონას, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ის უფრო
მსუბუქი იქნება. მისივე თქმით, სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უფასოდ
დაურიგდებათ.
მასალის გამოყენების პირობები