2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ზოგადი უნარების ტესტი
განსხვავებული იქნება. ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა
გააკეთა.
როგორც მან განმარტა, ცვლილება ანალოგიების ბლოკს შეეხება. 2018
წლიდან ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ
წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება
წარმოდგენილი.
„წაკითხულის გააზრების ნაწილს თან დაერთვება 10 დავალება (ნაცვლად 6
დავალებისა). ამ დავალებათა ნაწილი (5-7 დავალება) კვლავ იქნება
ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრების შესამოწმებლად დასმული
შეკითხვები, ხოლო 3-5 დავალება იქნება ანალოგიის ტიპის, თუმცა იმ
განსხვავებით, რომ ანალოგიები, ძირითადად, ტექსტში არსებულ სიტყვებზე
აიგება, რათა, როგორც აღინიშნა, აბიტურიენტს სიტყვის მნიშვნელობის
წვდომა კონტექსტის საფუძველზე გაუადვილდეს. წაკითხული ტექსტის
გააზრების დავალებებთან ერთად ანალოგიებზე მუშაობა აბიტურიენტებს მათი
უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს – სიტყვის
მნიშვნელობის არცოდნის შემთხვევაში, აბიტურიენტს მისი მნიშვნელობის
განსასაზღვრად კონტექსტი დაეხმარება.“
მისივე თქმით, ანალოგიების ბლოკის ცვლილება ლოგიკის ბლოკში დავალებათა
რაოდენობაზეც აისახება.
„ამ ბლოკში დავალებების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ლაკონიური და
მარტივი დავალებების ხარჯზე. შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების ტესტი
შედგება ორი – ვერბალური და მათემატიკური ნაწილისაგან. ტესტის თითოეულ
ნაწილზე სამუშაოდ აპლიკანს ეძელვა 1 საათი და 35 წუთი. ტესტის
მაქსიმალური ქულაა 80”,
მაია მიმინოშვილის განცხადებით, სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის
გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების
კრიტერიუმების კორექტირება. ეს ცვლილებები ეფუძნება ერთიანი ეროვნული
გამოცდების შედეგების კვლევასა და სპეციალისტების ექსპერტულ ანალიზს.
ცვლილებები მიზნად ისახავს შეფასების მექანიზმის სრულყოფას. ახალი
კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულა 20
-ის ნაცვლად, 24 იქნება.
მასალის გამოყენების პირობები