საჯარო სკოლების 7000- მდე მასწავლებელი საგნობრივი მეთოდიკის კურსს
„აქტიური სწავლება საგნებში“ გაივლის.
ამისთვის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების
პროექტმა, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი ახორციელებს, 179 ტრენერი გადაამზადა.
საგნობრივი მეთოდიკის კურსი ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის,
გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მასწავლებლებს ჩაუტარდება და
ითვალისწინებს რეალური სასწავლო გარემოს მოდელირებას; ტრენინგის
პროცესში მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ საკუთარ თავზე გამოსცადონ
მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების ძირითადი პრინციპები,
უშუალოდ დაინახონ მათი სარგებელი და შეძლონ აქტიური სწავლების
სტრატეგიების გამოყენება პრაქტიკაში.
ტრენინგ მოდული 24 საკონტაქტო საათისგან შედგება. მასწავლებლებს
ტრენინგის შემდგომ აქვთ შესაძლებლობა სამუშაო შეხვედრებზე განიხილონ
ახალი სტრატეგიები და მიდგომები.საგნობრივ კურსში განსაკუთრებული
ყურადღება ეთმობა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას იმ
სტრატეგიებისა და მიდგომების დაუფლებას, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა
დაინტერესებას ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლისას.
შეძენილი ცოდნა და უნარები პედაგოგებს საშუალებას მისცემს სასწავლო
პროცესი მეტად სახალისო, ინტერაქტიული, პრაქტიკულ ცხოვრებასთან
დაკავშირებული, ასევე XXI საუკუნის მოსწავლის მოთხოვნებსა და
ინტერესებზე მორგებული გახადონ.
პროექტში დაგეგმილი პროფესიული განვითარების აქტივობებში ასევე
ჩაერთვებიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგებიც;
შესაბამისად, საგანგებოდ მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა და
გადამზადდებიან რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე
ტრენერები.
პროექტის სამიზნე ჯგუფს საჯარო სკოლების 18000 ზე მეტი ზუსტი და
საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინგლისურისა და გეოგრაფიის 7-12
კლასების ყველა მოქმედი მასწავლებელი წარმოადგენს. გადამზადების
პროცესში მასწავლებლები ორ ნაკადად ჩაერთვებიან. მასწავლებლების
პირველი ნაკადის პროფესიული განვითარების სრული კურსი
(ზოგადპროფესიული და საგნობრივი მეთოდიკა) 2016 წლის ოქტომბრის თვეში
დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდება; მასწავლებელთა მეორე
ნაკადი კი გადამზადების იგივე კურსს 2017 ოქტომბერი – 2018 სექტემბრის
პერიოდში გაივლის.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს პროექტს აფინანსებს
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო
კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
მასალის გამოყენების პირობები