„უფასო ფაკულტეტების რაოდენობა გაორმაგდება, მაგრამ ბარიერი აიწევს„ - ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლების სამინისტრო სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული
ფაკულტეტების გაზრდას და ბარიერის აწევას გეგმავს. ამის შესახებ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ
EDU.ARIS.GE-ს განუცხადა.
მისი თქმით, ფაკულტეტების რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდება, თუმცა
მასზე მოხვედრა გართულდება.
„წლევანდელ შემადგენლობაში რაოდენობა არ შემცირებულა და არც
შემცირდება, პირიქით, გაიზრდება, მაგრამ ბარიერი აიწევს. ანუ ჩვენ
ვაპირებთ, რომ უფასო ფაკულტეტებზე სწავლას უკეთ სწავლა სჭირდებოდეს.
უფრო მაღალი ხარისხის ვიდრე ფასიან ფაკულტეტებზე. ბარიერი ყველა უფასო
ფაკულტეტზე აიწევს, თუმცა ერთნაირად არა. ჩვენი ინტერესია, რომ თუკი
დღეს 21 უფასო ფაკულტეტია – 42 გახდეს. მაგრამ ისინი ცუდი სტუდენტების
თავშესაფარი აღარ იყოს. პირიქით, ამ სტატუსის შენარჩუნებას უფრო
მაღალი შედეგიანობა უნდა სჭირდებოდეს, რადგან ჩვენ რამენაირი
ფიზიკოსები და აგრონომები კიარა, მაგარი ფიზიკოსები და აგრონომები
გვჭირდება“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, მიუღებელია ფაკულტეტების კვოტირება და გარკვეულ
ფაკულტეტებზე სტუდენტთა მიღების შეიზღუდვა.
„ჩვენი სტილი არაა, რომ რამე ავკრძალოთ, უბრალოდ დაფინანსებით უნდა
ვიმუშაოთ. ანუ, თუკი მაგალითად მეტი პედაგოგი გვჭირდება, პედაგოგიურ
ფაკულტეტებზე მეტი სტიპენდიები და გრანტები უნდა გავცეთ, ვიდრე
მაგალითად იურისტებზე. ვისაც თავისი ხარჯებით უნდა განათლების მიღება,
ამას, რა თქმა უნდა, ვერ ავუკრძალავთ. აქ მარკეტინგით უნდა ვიმუშავოთ,
რათა ეს ხალხი მიხვდეს, რომ დაუსაქმებლობისკენ მიმავალი გზის
ინვესტირება კარგი არ არის. მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობებზე
წელიწადში 3 ათას ადამიანს ვაწარმოებთ, სამუშაო ადგილი კი მაქსიმუმ
სამასია. ანუ გარანტირებულად ვიცით, რომ 2700 მათგანი პროფესიით ვერ
იმუშავებს“ -, განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები