არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისა და დირექტორების გადამზადება იწყება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადებას
იწყებს.
უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 2017-2019 წლებში
გადამზადდება: არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების ქიმიის,
ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ინგლისურისა და გეოგრაფიის
მე-7-მე-12 კლასების 2,177 მასწავლებელი; 213 არაქართულენოვანი საჯარო
სკოლის დირექტორი და ამავე სკოლაში პროექტის ფარგლებში შერჩეული
სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ფასილიტატორი.
ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების ენებზე,
კერძოდ, აზერბაიჯანულად, რუსულად და სომხურად ჩატარდება. საგანგებოდ
მათთვის ითარგმნება სატრენინგო მასალა. ასევე, გადამზადდებიან რუსული,
სომხური და აზერბაიჯანული ენის მცოდნე ტრენერები, რომელებიც შემდგომში
ჩაატარებენ აღნიშნულ ტრენინგებს.
მასწავლებლები გაივლიან ორ სატრენინგო კურსს: ზოგადპროფესიულ უნარებში
და საგნობრივი მეთოდიკის კურსს „აქტიური სწავლება საგნებში“ (ფიზიკა,
ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური ენა).
დირექტორებისთვის კი ამოქმედდება ლიდერობის აკადემია, რომელიც სამი
საფეხურისგან შედგება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლის დირექტორთა
უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. მონაწილეები ტრენინგების ჩატარების
გრაფიკის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საგანმანათლებლო
რესურსცენტრებისგან მიიღებენ.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს პროექტს“ აფინანსებს
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია და ახორციელებს სსიპ მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საერთაშორისო საკონსულტაციო
კომპანია IREX- ის ექსპერტული მხარდაჭერითა და განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
მასალის გამოყენების პირობები