საბავშვო ბაღებში ახალი სტანდარტების დანერგვა, პირველი აპრილის
შემდეგ განხორციელდება.
სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა
თევდორაშვილის განცხადებით, 2017 წლის პირველ ოქტომბრამდე გურჯაანის
მუნიციპალიტეტის ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში გაუმჯობესდება
კვების ხარისხი და აღსაზრდელებისთვის ახალი გარემო შეიქმნება.
„გაეროს ბავშვთა დაცვის კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაცია
ვორდვიჟენ საქართველოს წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა, რომელსაც
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელები და
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ. ადრეული
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ ახალი კანონის თანახმად,
პირველ აპრილამდე საკრებულომ უნდა მიიღოს დოკუმენტი: დირექტორების
საკვალიფიკაციო მოთხოვნების, მონიტორინგისა და
შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ; ასევე, სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების მომსახურებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების,
შიდა დაწესებულების მონიტორინგის, პერსონალის პროფესიული სტანდარტის
დამტკიცების, ქცევისა და ეთიკის წესების შესახებ. ამ დოკუმენტების
პროექტები თვითონ ჩამოიტანეს და გააცნეს გურჯაანის, თელავის და
ყვარლის საკრებულოს წარმომადგენლებს. უახლოეს პერიოდში, ალბათ
მაქსიმუმ ათ დღეში ექსპერტები ადგილზე ჩამოვლენ და საკრებულოს
მიეხმარებიან ამ დადგენილებების მუნიციპალიტეტზე მორგებაში. ხუთივე
პროექტს უნდა მიეცეს დოკუმენტის სახე და პირველ აპრილამდე საკრებულომ
სხდომაზე დაამტკიცოს. ასევე პირველ აპრილამდე მთავრობის მიერ უნდა
დამტკიცდეს სტანდარტების პროექტები: სანიტარულ-ჰიგიენური,
ინფრასტრუქტურის, კვების, აღმზრდელ პედაგოგის და ა.შ.“
ლელა თევდორაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც შეიქმნება როგორც
ადგილობრივი, ისე მთავრობის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ბაზა,
საბავშვო ბაღებში გამოცხადდება
რეორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები